ძველი რომის ისტორია/ადრეული რესპუბლიკა

ამ თავში საუბარია რომის ისტორიაზე მეფის დამხობიდან (ძვ. წ. 510) რომის გალებისგან დახსნამდე. ბევრი მკვლევარი, მათ შორის თეოდორ მომზენიც მიიჩნევენ ამ პერიოდის ამბებს ლეგენდარულად. თვით ტიტუს ლივიუსი ამბობს რომ გალების მიერ რომის აღებისას ხანძარში დაიკარგა დოკუმენტები, დაინგრა შენობები და მანამდე მომხდარი მოვლენები ბურუსითაა მოცული. ხოლო ნიბური ისტორიული პერიოდის საწყისად მიიჩნევს პლებეების წასვლას წმინდა მთაზე ძვ. წ. 493 წელს, ვინაიდან მათთან ელჩობით წასული პატრიციების სახელები ჩაწერილი იყო პონტიფიკუსის მიერ ფესტებზე. გერმანელი მკვლევარის ბრიოკერის აზრით კი სერვიუს ტილიუსიც ისეთივე ისტორიული პირი იყო როგორც ფილიპე ავგუსტი. მან მისცა რომაელებს ცენზებით დაყოფა და სახალხო კრებები, ამაზე დაყრდნობით მას არ შეაქვს ეჭვი სერვიუს ტულიუსის ისტორტიულობაში.

რესპუბლიკის სახელმწიფო წყობის მოკლე მიმოხილვა1

რედაქტირება

მონარქიის დამხობის შემდეგ რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა. რომის მოქალაქეები იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად. რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში ეს გაყოფა ალბათ ქონებრივ ცენზთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება.

რომის მოქალაქეობა დაპყრობილი ერების მართვის და მათგან გამიჯვნის ინსტრუმენტი იყო. არსებობდა მოქალაქეობის რამოდენიმე დონე. (ასევე არსებობდა ლათინური მოქალაქეობაც).

 
რომაელი მოქალაქის ტანსაცმელი - ტოგა. მისი ტარების უფლება მხოლოდ მოქალაქეს ჰქონდა.

რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები (კომიციები) უწინდებურად ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს, არსებობდა კრებების რამოდენიმე სახე: კურიების კრება, ცენტურიების კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები შესაბამისს საკითხებს წყეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან გვარის სრულწლოვან მოქალაქეს. ქალებს რომში მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო პლებეების კრება და სენატი. კურიების კრებების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ხდებოდა სენატორების არჩევა და სასამართლოები.

მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყოველ ზემოხსენებულ კრებას თავისი მაგისტრუსები ჰყავდა. მაგისტრატუსის წოდება ძალიან საპატიოდ ითვლებოდა, მათ უანგაროთ უნდა შეესრულებინათ დაკისრებული საქმე და ხშირად ამისთვის პირადი სახსრების გამოყენება სჭირდებოდათ, მაგისტრები ხელშეუხლებელნი იყვნენ.

რომში არჩევა თანამდებობებზე ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად უმაღლეს თანამდებობას კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა, რომლიდანაც ერთერთს ყოველთვის შეეძლო მეორეს მოქმედებებზე ვეტოს დადება. იგივე პრინციპით ხდებოდა არმიის მართვაც. ხოლო უფრო დაბალ თანამდებობებზე ხდებოდა კიდევ უფრო მეტი ადამიანის არჩევა.

გამონაკლისს წარმოადგენდნენ დიქტატორები და ცენზორები. დიქტატორებს ირჩევდნენ საგანგებო საომარ მდგომარეობაში 6 თვის ვადით, რომლის დროსაც იგი ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს. ხოლო ცენზორების არჩევა ხდებოდა 5 წელიწადში ერთხელ 18 თვის ვადით.

რესპუბლიკის პერიოდში სენატი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. სენატორები იყვნენ ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და წარჩინებული გვარების წარმომადგენლები, როგორც წესი ესენი ყოფილი მაგისტრუსები იყვნენ.

ლუციუს იუნიუს ბრუტუსი - რესპუბლიკის მამა

რედაქტირება
 
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი

ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი). ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა.

ბრუტუსი მეფის დამხობამდე

რედაქტირება

ტარკვინიუსი ხელისუფლებაში უკანონოდ, სიმამრის ვერაგული მკვლელობით მოვიდა, რის გამოც პრეცენდენტის განმეორების მუდამ ეშინოდა და ამიტომ არა მარტო უკმაყოფილო სენატორები, არამედ საკუთარი ნათესავებიც კი გაწყვიტა. ლუციუს იუნიუსი გონიერი ახალგაზრდა იყო და ადრევე მიხვდა, რომ თუ მეფე მასში გონიერ და ჭკვიან ადამიანს დაინახავდა, მის სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ მრავალი წლის მანძილზე იგი ყველას თავს უგუნურად აჩვენებდა. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი მეტსახელი ბრუტუსი.

ერთხელ მეფის სასახლეში უცნაური რამ მოხდა: სასახლის სვეტიდან გველი გამოძვრა, რაც სიკვდილის აღმნიშნავი უნდა ყოფილიყო. ამ ნიშნის განსამარტად მეფემ თავისი ვაჟები ტიტუსი და არუნტუსი ბრუტუსთან ერთად დელფის ორაკულთან გაგზავნა. ორაკულმა ჩასულებს ამცნო, რომ რომში ძალაუფლება გადაუვიდოდა მას, ვინც პირველი ეამბორებოდა დედას. ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა წინასწარმეტყველების ნამდვილ შინაარს და მიწას — ყველას საერთო დედას — აკოცა.

ტარკვინიუსის დამხობა

რედაქტირება
 
Lucius Iunius Brutus

რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. სამხედრო ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.

რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ იცინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.

კოლატინუსსთან ერთად ლუციუს ბრუტუსიც ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებდა არა მარტო სექსტზე არამედ ლუციუსზეც.

ამ ამაზრზენი ამბის შეტყობამ მოსახლეობა აღაშფოთა, ბრუტუსმა კი შეკრებილ ახალგაზრდობას შეიარაღებისკენ და აჯანყებისკენ მოუწოდა. ფორუმზე მისულთ ხალხი იქ უკვე შეკრებილი დახვდათ. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღის საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ. ლუციუს ტარკვინუსი ამ ამბის შეტყობისთანავე დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად ერუტრიაში გაიქცა.

კონსულობა

რედაქტირება

რომაელთა მეფის ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ ბრუტუსმაც და სენატმაც ჩათვალეს, რომ ერთმმართველობა აღარ უნდა არსებულიყო, და ამიტომ თითო წლის ვადით ორი კონსულის არჩევა დააწესეს. პირველ არჩევნებში ბრუტუსმა რა თქმა უნდა გაიმარჯვა, მასთან ერთად კონსული ტარკვინიუს კოლატინუსიც გახდა. მიუხედავათ იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა.

ბრუტუსმა სენატის სხდომაზე მიმართა კოლატინუს და ურჩია, რომ უარი ეთქვა კონსულობაზე და დაეტოვებინა რომი. ამ უკანასკნელს ეს არ სურდა, მაგრამ ყველა ახლობელმა დაჟინებით ურჩია წასულიყო და ქონებაც წაეღო და ბოლოს იგი დათანხმდა. მის ნაცვლად კონსულად აირჩიეს ვალერიუს პუბლიკოლა.

ბრუტუსმა სენატს და რომის მოსახლეობას ფიცი დაადებინა, რომ ისინი არასდროს არ დაუშვებდნენ რომში მეფის მმართველობას. მან შეავსო შეთხელებული სენატი და სენატორთა რაოდენობა 300 კაცს გაუტოლდა. არსებობდა რელიგიური რიტუალები, რომლის ჩატარების უფლებაც მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ამიტომ ბრუტუსმა შექმნა "მეფე ქურუმის" თანამდებობა, რომელსაც დაევალა ამ რიტუალების და მსხვერპლშეწირვების ჩატარება.

ტარკვინიუსისგან კი ელჩები ჩამოვიდნენ და მოითხოვეს მეფისთვის ქონების დაბრუნება. სენატმა დაიწყო საკითხის განხილვა, ქონების დაბრუნების შემთხვევაში მეფეს საშუალებას მისცემდნენ ებძოლა წართმეული ტახტისთვის, მეორე მხრივ, უარის თქმა კი ომს ნიშნავდა. ელჩებს სხვა, საიდუმლო დავალებაც ჰქონდათ, მათ უნდა დაეზვერათ თუ რა განწყობა იყო ხალხში და დაკავშირებოდნენ ტარკვინიუსების მომხრეებს. საკმაოდ ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ტარკვინიუსის ვაჟების მეგობრები, მართლაც ნანობდნენ მეფის გაგდებას და უკმაყოფილონი იყვნენ რესპუბლიკური წყობით, რადგან ადრე მეფის შვილებთან მეგობრობა მათ პრივილეგიას აძლევდა ბევრს რამეში, რესპუბლიკაში კი სხვების თანასწორნი გახდნენ. სწორეთ ასეთ ხალხს დაუკავშირდნენ ელჩები შეთქმულების მოსაწყობად. ანტირესპუბლიკურ შეთქმულებაში ბრუტუსის ცოლის ძმაც და მისი საკუთარი ვაჟებიც აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთი შეთქმულის სახლში შეიკრიბნენ ყველანი და ელჩებს გადასცეს წერილი ტარკვინიუსისთვის. ეს საუბარი შემთხვევით მოისმინა მონამ და გასცა. ელჩები მაშინვე შეიპყრეს და აღმოაჩინეს მამხილებელი წერილები. ყველა შეთქმული მაშინვე შეიპყრეს, მათ შორის ბრუტუსის ვაჟებიც. სახელმწიფოს წინაშე დანაშაულისთვის ისინი ჯერ გაწკეპლეს შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მონა კი, რომელმაც შეატყობინა ხელისუფლებას შეთქმულების შესახებ დააჯილდოვეს, დაათავისუფლეს და მოქალაქეობა უბოძეს.

ამის შემდეგ კონსულებმა და სენატმა რომაელებს საშუალება მისცეს მეფის ქონებიდან რაც უნდოდათ წაეღოთ, რათა ტარკვინიუსების ერთგული არავინ არ დარჩენილიყო, ხოლო მეფის კუთვნილი მიწები მარსს უბოძეს. იმ ადგილს შემდგომში მარსის ველი ეწოდა.

ტარკვინიუსმა კი, რადგან შეთქმულებით ვერაფერს ვერ მიაღწია, დაარწმუნა ეტრუსკები გამოსულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ. ბრძლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი.

ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს. ეს მოხდა რომის დაარსებიდან 245 წელს მარტის კალენდების წინა დღეს.2

რომში იგი დიდი პატივით დაკრძალეს, რომაელი ქალები კი მას, როგორც ოჯახის მამას, ისე დასტიროდნენ და ძაძებს ატარებდნენ.

პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა

რედაქტირება

მეფის დამხობა და ბრუტუსის კონსულობა

რედაქტირება

პუბლიუს ვალერიუსი სწორედ იმ ვალერიუსის ჩამომავლად ითვლება, რომელმაც რომულუსი და ტატიუსი შეარიგა და ორი ერის გაერთიანებას შეუწყო ხელი.3

ჯერ კიდევ ტარკვინიუსის განდევნამდე პუბლუს ვალერიუსმა თავისი სიკეთით, გულისხმიერებით და უხვობით გაითქვა სახელი. იგი მდიდარი და გიჭირვებულთათვის გულუხვი ადამიანი იყო. ყველა მოელოდა რომ მეფის დამხობის შემდეგ იგი ერთერთი ყველაზე გავლენიანი ადანიანი გახდებოდა ახლად დაარსებულ რესპუბლიკაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ მეფის დამხობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, პირველ საკონსულო არჩევნებზე ბრუტუსმა და ტარკვინიუს კოლატინუსმა გაიმარჯვეს.

გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, იგი პირადად არ ემტერებოდა სამეფო ოჯახს, ამიტომ რომაელები მას არ ენდობოდნენ. პუბლიკოლა ამით შეურაცხყოფილი იყო და შეწყვიტა სენატის სხდომებში მონაწილეობა. თუმცა როდესაც ბრუტუსმა სენატორებსა და რომის მოსახლეობას მოსთხოვა დაეფიცებინათ, რომ ისინი არ დაუშვებდნენ მეფის მმართველობას რომში, პუბლიკოლაც მოვიდა ფორუმზე და დაიფიცა.

როდესაც რომში ტარკვინიუსის ელჩები ჩამოვიდნენ და სცადეს რესპუბლიკელების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, პუბლიკოლამ მოღალატეთა მხილებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამ მოვლენებმა მას რომაელი ხალხის სიყვარული და ნდობა მოუტანა. ტარკვინიუს კოლატინუსის4 გადადგომის და განდევნის შემდეგ კი იგი ბრუტუსთან ერთად მეორე კონსული გახდა.

პირველი კონსულობა

რედაქტირება

ტარკვინიუსმა კი, რადგან შეთქმულებით ვერაფერს ვერ მიაღწია, დაარწმუნა ეტრუსკები გამოსულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ. ბრძლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი. ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, მაგრამ რომაელებმა გაიმარჯვეს. პუბლიკოლა კი ტრიუმფით დაბრუნდა რომში.

მალე კი პუბლიკოლას პოპულარობა ისევ უნდობლობით შეიცვალა. ამბობდნენ თითქოს კონსულს გამეფება უნდა, რომ იგი ტარკვინიუსზე უფრო მდიდარ სახლში ცხოვრობს ველიას ბორცვზე. როდესაც მან გაიგო თუ რას ამბობდა მასზე ხალხო, დაიქირავა მუშები და ერთ ღამეში დაანგრევინა სახლი თვითონ კი მეგობრებთან გადასახლდა. მოგვიანებით რომაელებმა მას უბოძეს მიწის ნაკვეთი სადაც აუშენეს სახლი5.

კანონები

რედაქტირება

ხალხის გულის მოსაგებად და დემოკრატიის გასაძლიერებლად მან ლიქტორების ფასცებიდან ბრძანა ამოეღოთ ნაჯახები და სახალხო კრებებზე უნდა დაეშვათ. ამან გაამართლა და კონსულის პოპულარობა კვლავ გაიზარდა, თან მას პუბლიკოლა შეარქვეს (ლათ. poplicola - ხალხის მეგობარი).

პუბლიკოლამ შეავსო სენატის შემადგენლობა, შემდეგ შემოიტანა კანონი, რომლის მიხედვითან ხალხს ჰქონდა უფლება მაგისტრების და კონსულის გადაწყვეტილებების გასაჩივრება. მან ასევე დააკანონა იმათი სიკვდილით დასჯა, ვინც ეცდება ძალით მოიპოვოს ხელისუფლება. მან ასევე გაათავისუფლა ღარიბები გადასახადებისაგან, კონსულის არ დამორჩილება ისჯებოდა ჯარიმით 5 ძროხა და 2 ცხვარი. იმ დროს რომაელებში ფული ჯერ არ იყო ფართოთ გავრცელებული და ქონება საქონლის რაოდენობით იზომებოდა. ხოლო თუ ვინმე მოისურვებდა სამეფო ძალაუფლებას იგი და მისი ქონება იწყევლებოდა.

პუბლიკოლას არ სურდა თვითონ ემართა ფინანსური საკითხები და პასუხი ეგებინა სახელმწიფო ხაზინაზე, ამიტომ მან დააწესა რომ ხაზინა სატურნის ტაძარში ყოფილიყო, ხოლო მისი მმართველობა არჩევით კვესტორებს ევალებოდათ. ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ მან კონსულის არჩევნები მოაწყო სადაც ლუკრეციუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს უკანასკნელი რამოდენიმე დღეში მოკვდა და არჩევნები ხელმეორედ ჩატარდა და მარკუს ჰორაციუსმა გაიმარჯვა.

მეორე კონსულობა და ეტრუსკებთან ომი

რედაქტირება

ძვ. წ. 508 წელს პუბლიკოლა კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად, და მასთან ერთად ტიტუს ლუკრეციუსი. ტარკვინიუსი კი იმ ბრძოლის შემდეგ, სადაც მან ვაჟი დაკარგა, მივიდა ლარსუს პორსენუსთან და დახმარება სთხოვა. პორსენუსის ჯარი რომს მიადგა. მათ მალე დაიკავეს ტიბროსის მარჯვენა ნაპირვე გამაგრებული ბორცვი იანიკულუსი. მდინარის პირზე გაიმართა გაცხარებული ბრძოლა, სადაც ორივე კონსული მძიმედ დაიჭრა. ამის გამო რომაელები მორალურად დაეცნენ და უკან დაიხიეს. მტრების ჯარი ტიბროსზე ხიდს მოადგა, როლის შემდეგაც იწყებოდა რომი, მაგრამ ჰორაციუს კოკლესმა8, გერმანიუსმა და ლარციუსმა შეაჩერეს მტერი, სანამ დანარჩენმა ჯარისკაცებმა მოასწრეს ხიდის დანგრევა. კოკლესის გმირობით აღფრთოვანებულმა პოპლიკომან ბრძანა გამოეწოთ მისთვის იმდენი მიწა, რამდენის მოხვნასაც იგი ერთ დღეში შეძლებდა და ყველა რომაელს მოუწოდა ქონების ნაწილი მიეცათ მისთვის, ხოლო მოგვიანებით მას ქანდაკება დაუდგეს.

პორსენუსმა რომს ალყა შემოარტყა. ამ დროს კიდევ ერთი ეტრუსკული ჯარი მოადგა რომს, რომელიც რომაელებმა დაამარცხეს და განდევნეს. პუბლიკოლა კი მესამედ აირჩიეს კონსულად. ამ პერიოდში კიდევ ერთი გმირობა ჩასიდინა რომაელმა მუციუსმა. მან ერტუსკად გადაიცვა და პორსენუსის ბანაკში შეიპარა, იგი მეფეს სახეზე არ იცნობდა, ამიტომ მოკლა ვინც მეფე ეგონა. იგი დაიჭირეს და დასაკითხად მეფეს მიგვარეს. აქ ცხელი ნაკვერჩლები იყო რომელიც პორსენუსს მსხვერპლშეწირვისთვის სჭირდებოდა. მუციუსმა ხელი დაადო მაკვერჩლებს და არ აიღო სანამ განცვიფრებულმა მეფემ მას ხმალი არ დაუბრუნა და არ გაათავისუფლა. მაშინ მუციუსმა მადლობის ნიშნათ უთხრა რომ მის ბანაკში მის გარდა კიდევ 300 გადაცმული რომაელია, ვინხ მეფის მოკვლას აპირებს.

რომაელების გულადობით აღფრთოვანებულმა პორსენუსმა დაიწყო პუბლიკოლასთან სამშვიდობო მოლაპარკება. რომაელებმა ეტრუსკებს მძევლად 10 ლატრიციუსი და 10 ქალი გადასცეს, მათ შორის პუბლიკოლას ქალიშვილი ვალერია. მალე ეტრუსკებმა დატოვეს თავისი ბანაკი და რაც კი ჰონება იყო იქ, რომაელებს დაუტოვეს.

საბინელებთან ომი და მეოთხე კონსულობა

რედაქტირება

ძვ. წ. 505 წელს როდესაც კონსული პუბლიკოლას ძმა მარკუსი იყო, რომის მიწებს საბინელები შემოესივნენ. მარკუსმა ისინი ორივე ბრძოლაში ბრწყინვალეთ დაამარცხა, რისთვისაც ხალხმა მადლობის ნიშნად პალატინზე სახლი აუგო. ძვ. წ. 504 წელს პუბლიკოლა კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად. საბინელებმა და ლათინებმა განიძრახეს რომთან ახალი ომის დაწყება, მაგრამ საბინელებს შორის სერიოზული უთანხმოება დაიწყო, ვინმე აპიუს კლავზუსი, მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, არწმუნებდა თანამემამულეებს რომთან ომის უსარგებლობაში. მის წინააღმდეგ დიდი მოძრაობა დაიწყო, რამაც საბინელებს ომის დაწყებაში ხელი შეუშალა. პუბლიკოლამ იცოდა ამ ამბის შესახებ და გაუგზავნა კლავზუსს წერილი, რომლითაც მას რომში გადმოსახლება ურჩია. კლავზუსმა ყველაფერი კარგად აწონდაწონა და თავის მეგობრებთან და მომხრეებთან ერთად რომში წავიდა. აქ პუბლიკოლა მათ გარგად შეხვდა, ჩამოსული საბინელები რომის მოქალაქეებად მიიღეს და მიწები დაურიგეს, კლავზუსი კი სენატორი გახდა. ითვლება რომ იგი კლავდიუსების წინაპარი იყო.

ამის შემდეგ საბინელებმა გამოილაშქრეს რომზე. მათ განიძრახეს ჩაესაფრებინათ ფეხოსნები რომთან ახლოს და მხედრების მეშვეობით გამოეტყუებინათ რომის ჯარი და შემდეგ დასხმოდნენ თავს, მაგრამ პუბლიკოლამ გაიგო ამის შესახებ და ზომები მიიღო. მისმა სიძემ პოსტუმიუს ალბუსმა, თვითონ ჩაუსაფრდა ჩასაფრებულ საბინელებს, მეორე კონსული ლუკრეციუსი მხედრებს უნდა დასხომდა თავს, ხოლო პუბლიკოლა კი მტრის ბანაკს უნდა დასხმოდა.

დილას, როდესაც ბრძოლა შედგა ნისლი ჩამოწვა რომაელებმა გეგმის მიხედვით დაიწყეს ბრძოლა. საბინელები მალე აიშალნენ და გაიქცნენ. არავინ არ ცდილობდა პოზიციების შენარჩუნებას, რადგან ეგონათ რომ სხვა რაზმები იგებენ ბრძოლას. ამგვარად საბინელებმა ძლიერი მარცხი განიცადეს. რომაელებმა კი ბევრნი ჩაიგდეს ტყვეთ და დიდი ნადავლიც მიიღეს. პუბლიკოლამ მეორე ტრიუმფი გადაიხადა.

შემდეგ ძვ. წ. 503 წელს მან აღარ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატურა კონსულების არჩევნებზე და მალევე გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს, ხოლო რომაელი ქალები მთელი მომდევნო წელი მის საპატივცემლოდ ძაძებს ატარებდნენ.

ტარკვინიუსი რომიდან გაძევების შემდეგ

რედაქტირება

როგორც ვთქვით, მან და მისმა ვაჟებმა თავი ეტრუსკებს შეაფარეს. მალე მათ რომში გაგზავნეს ელჩები რათა მიეღოთ იქ დარჩენილი ქონება და რესპუბლიკელების წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ. შეთქმულების შესახებ კონსულად არჩეულმა ბრუტუსმა გაიგო და მიუხედავად იმისა რომ შეთქმულთა შორის მისი ორი ვაჟი იყო, ყველა სიკვდილით დასაჯა, ხოლო ყოფილი მეფის ქონება ხალხს გააძარცვინა.

რადგან ვერაგობით ტარკვინიუსი ვერაფერს გახდა მან ეტრუსკებს სთხოვა რომზე გალაშქრება, რათა დაებრუნებინა ტახტი. ეტრუსკები დათანხმდნენ. ბრძოლაში დაიღუპა ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსი. მიუხედავად იმისა რომ რომაელებმა ბრუტუსი დაკარგეს, მათ მაინც მოიგეს ბრძოლა.

ამის შემდეგ ტარკვინიუსმა მიმართა პორსენუსს. ეს უკანასკნელი ძვ. წ. 508 წელს რომს მიადგა დიდძალი ჯარით და პირველ ბრძოლაში კინაღამ აიღო ქალაქი. შემდეგ ალყა შემოარტყა. რომაელებმა შეძლეს პორსენუსის დარწმუნება რომ ტარკვინიუსი დამსახურებულად გააგდეს და ბოლოს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. ტარკვინიუსმა ამ ომითაც ვერაფერს მიაღწია.

ძვ. წ. 506 წელს პორსენუსისგან რომში ელჩები ჩამოვიდნენ რათა კიდევ ერთხელ ეთხოვათ მეფის დაბრუნება, რომაელებმა მათ პირდაპირი პასუხი არ გასცეს, მხოლოდ ის უთხრეს, რომ უკვე გააგზავნეს სენატორები მოსალაპარაკებლად. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ არ სურდათ ელჩებისთვის პირდაპირი უარის თქმით შეურაცხყოფა მიეყენებინათ პორსენუსისთვის. სენატორები მართლაც გაგზავნეს. სენატორები ჩავიდნენ პორსენუსთან და დელეკატურად აუხსნეს რომ რომაელი ერი ამიერიდან თავისუფალია და მეფეს უკან არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. ამის მოსმენის შემდეგ პორსენუსმა უარი უთხრა ტარკვინიუსებს შემდგომ დახმარებაზე.

ამის შემდეგ ტარკვინიუსი ქალაქ ტუსკულუსში გადაიხვეწა თავის სიძესთან ოქტავიანე მამლუსთან. ძვ. წ. 499 წელს დაიწყო ომი რომაელებსა და ლათინური ქალაქების გაეთიანებას შორის. პირველი ბრძოლის წინ რომაელებმა გაიგეს რომ ტარკვინიუსიც იღებდა ამ ბრძოლაში მონაწილეობას და განსაკუთრებული სიცხარით იბრძოდნენ. ტარკვინიუსი ბეჭში დაჭრეს და გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ტარკვინიუსის ვაჟი ტიტუსი რომიდან განდევნილების რაზმს ედგა სათავეში. ცოტა ხნით ბრძოლაში მათ უპირატესობა მოიპოვეს, როდესაც სხვა ლათინური რაზმები მარცხდებოდნენ. პუბლიკოლას ძმამ მარკუსმა დაინახა ტიტუსი და მოისურვა მისი მოკვლა, მაგრამ იგი უფრო ადრე მოკლეს ლათინებმა. რომაელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ლათინები და დაიკავეს მათი ბანაკი.

ძვ. წ. 495 წელს ტარკვინიუსი მოკვდა ქალაქ კუმში.

რეგილის ტბასთან ბრძოლა

რედაქტირება

რეგილის ტბასთან ბრძოლა ტიტუს ლივიუსის ცნობით მოხდა ტიტუს ებუტიუსის და გაიუს ვეტურისის კონსულობის დროს, რომის დაარსებიდან 255 წელს. ომის მიზეზი გახდა რომისა და ლაციუმის 30 ქალაქის გაერთიანებას შორის მეტოქეობა. ლათინური ქალაქების გაერთიანჯებას ოქტავიანე მამილიუსი ედგა სათავეში.

ომისთვის მზადება ჯერ კიდევ ძვ. წ. 499 წელს დაიწყო, ძვ. წ. 496 წელს რომაული ჯარები დიქტატორი ავლუს პოსტუმიუსის და ტიტუს ებუციუსის მეთაურობით რეგილის ტბასთან შეხვდნენ მტრის ჯარს. ლათინური ჯარის ერთერთი მეთაური იყო რომიდან განდევნილი მეფე ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი, ხოლო მეორე მეთაური იყო ოქტავიუს მამილიუსი, სუპერბუსის ნათესავი. ლათინებთან ერთად რომიდან განდევნილი მეფის მომხრეების იბრძოდნენ, ლუციუს ტარკვინიუსის ვაჟის, ტიტუს ტარკვინიუსის მეთაურობით. ძალიან სასტიკი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, ტარკვინიუსი გაემართა დიქტატორისკენ, პოსტუმიუსმა სძლია მას და დაჭრა ფერდში. მისმა მომხრეებმა ტარკვინიუსი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მეორე ფლანგზე კი მხედრების მეთაური ებუციუსი შეებრძოლა მამილუსს, ეს უკანასკნელი მკერდში დაიჭრა, ხოლო ებუციუსი ხელში. ტარკვინიუსები გააფთრებულნი იბრძოდნენ და თავიდან სძლიეს კიდეც რომაელებს, მაგრამ შემდეგ რომის დიქტატორმა მოუწოდა ჯარს შეტევისკენ და ალყაში მოაქციეს რომიდან დევნილი მეფის მომხრეები. მძიმე ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მამილუსიც დაიღუპა. დიქტატორმა ავლუს პონტუმიუსმა შეამჩნია რომ რომაელი ქვეითები უკვე დასუსტდნენ და ვეღარ იბრძვიან, ამიტომ მოუწოდა მხედრებს რომ ცხენების გარეშე, ქვეითების მხარდამხარ ებრძოლათ.

ამის შემდეგ რომაელებმა სძლიეს ლათინებს და დაიკავეს მტრის ბანაკი. დიქტატორი და მხედრების მეთაური ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდნენ.

რომაელი პლებსის წმინდა მთაზე ასვლა

რედაქტირება


კორიოლანუსი - ლეგენდარული რომაელი გმირი

რედაქტირება
 
"ვენტურია კორიოლანუსის ფერხთ" მარციუსს დედა ევედრება დაინდოს რომი.

გაიუს6 მარციუსი დაიბადა მარციუსების განთქმულ არისტოკრატიულ ოჯახში. იგი ქვრივმა დედამ მარტომ გაზარდა. ახალგაზრდა გაიუსი ფიზიკურად ძლიერი იზრდებოდა, იგი ძალიან კეთილშობილი, გულადი და შრომისმოყვარე იყო და არ მიისწრაფოდა ფუფუნებისკენ.

ბრძოლებში წარმატებები

რედაქტირება

იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო როდესაც რეგილის ტბასთან ბრძოლაში, გაგდებული მეფის ტარკვინიუსის წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა (დაახ. ძვ. წ. 499). ამ ბრძოლაში მან გადაარჩინა ერთერთი ჯარისკაცი, რისთვისაც მუხის გვირგვინი უბოძეს.

ამ ბრძოლის შემდეგ მარციუსი ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ბრძოლებში და ყველგან ახერხებდა უბადლო სიმამაცისთვის ჯილდოს მიღებას. დედის რჩევით იგი დაქორწინდა, მაგრამ ცოლის მოყვანის შემდეგაც დედასთან განაგრძო ცხოვრება.

ვოლსკებთან ბრძოლაში (დაახ. ძვ. წ. 493) მარციუსმა თავი ასე გამოიჩინა: კონსულ კომინიუსის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ კორიოლის. ვოლსკების ჯარები მიუახლოვდნენ ქალაქს და აპირებდნენ რომაელთათვის ორი მხრიდან შეტევას. კონსულმა ჯარი ორად გაყო, ერთ ნაწილს თვითონ ჩაუდგა სათავეში და გაემართა ვოლსკების ჯარის წინააღმდეგ, მეორეს სათავეში ტიტუს ლარციუსი ჩააყენა და დატოვა ქალაქის ალყისთვის. ამ დროს ქალაქში მყოფმა რაზმმა გადაწყვიტა გამოსვლა და დარჩენილ ჯარებთან შებრძოლება. ჯერ მათ მოახერხეს რომაეების დამარცხება, მაგრამ ამ დროს მარციუსი გამოვიდა ბანაკიდან ცოტაოდენი ჯარისკაცებით და სცადა შეტევის შეჩერება, მან მოუხმო დახეულ ჯარისკაცებს და ერთად დაახიეს მტერი. მარციუსი გამოეკიდა მათ ქალაქის კარიბჭემდე. მარციუსმა ესეც არ იკმარა და მოუწოდა ჯარისკაცებს ღია ქალაქში შეღწევა. ჯერ წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ ვერ შეძლო, იმდენად მოულოდნელი იყო ეს შეტევა, შემდეგ კი აზრზე მოსულმა ვოლსკებმა გააცნობიერეს რომ ქალაქში ძალიან ცოტა რომაელია და გაიმართა ბრძოლა. მარციუსმა აქაც არნახული სიმამაცე გამოიჩინა და ვისაც შეებრძოლა ყველა დაამარცხა. ასე იქნა აღებული ქალაქი კორიოლი.

ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცებმა მარადიორობა დაიწყეს. მარციუსი ყველანაერად ცდილობდა აღეკვეთა ეს, მისი აზრით, ყოვლად უმსგავსო საქციელი, რომელიც არ შეჰფერის რომაელ ჯარისკაცს. მას ცოტამ მოუსმინა, ამიტომ იგი მცირე რაზმით გაემართა კონსულის ჯარის დასახმარებლად. მათ ბრძოლის დაწყებას მიუსწრეს. მარციუსი პირდაპირ კონსულისკენ გაემართა და მოახსენა ქალაქის აღების შესახებ.

ბრძოლაში მარციუსმა მოითხოვა ყველაზე საშიში მონაკვეთის მისთვის დათმობა. ვოლსკებმა წააგეს ბრძოლა, მარციუსი, დაღლილობის და ჭრილობების მიუხედავად დაედევნა გაქცეულ მტერს.

მეორე დღეს კონსულმა მთელი არმიის წინაშე აქო მარციუსის გმირობა, უძღვნა შეკაზმული ცხენი, შესთავაზა მთელი ნადავლიდან ამოერჩია მეათედი წილი და უბოძა მეტსახელი კორიოლანუსი. მარციუსმა მიიღო დამსახურებული მეტსახელი და ცხენი, ხოლო ნადავლის მეათედზე უარი განაცხადა.

არ შემდგარი პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ამ დროს რესპუბლიკაში მიდიოდა პატრიციებსა და პლებეებს შორის დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირება. პლებეები ახალ უფლებებს და შეღავათებს ითხოვდნენ. მარციუსი პატრიციების მომხრე იყო. ზემოთხსენებული ბრძოლების შემდეგ მან წამოაყენა თავისი კანდიდატურა კონსულების არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ იგი პლებეებს შორისაც ძალიან პოპულარული იყო, მათ შეეშინდათ პატრიციების მხარდაჭერის და არ მისცეს ხმები მარციუსს. ეს უკანასკნელი არჩევნებში წაგებით ძალიან შეურაცხყოფილი იყო.

ამ პერიოდში რომაელებმა შეისყიდეს დიდი რაოდენობით პური, ამის გარდა სირაკუზების ტირანმა ჰელონმაც აჩუქა რომაელ ხალხს პური. ხალხს იმედი ჰქონდა რომ ნაჩუქარი პური უფასოდ დარიგდებოდა. ამ საკითხის გადასაწყვეტად მოეწყო სენატის სხდომა. მარციუსი პურის უფასოდ დარიგების სასტიკად წინააღმდეგი გამოვიდა და უმეტესობა მას მიემხრო. სახალხო ტრიბუნები გამოვიდნენ დარბაზიდან და მოიწვიეს სახალხო კრება. კრებამ მოითხოვა რათა მარციუსი თავად გამოსულიყო ხალხთან და აეხსნა საკუთარი პოზიცია. მარციუსმა უარი განაცხადა, რამაც ხალხში უწესრიგობა გამოიწვია.

საბოლოო ჯამში მარციუსს მაინც მოუწია სახალხო კრებაზე მისვლა, მაგრამ თავის მართლების ნაცვლად, მან დაადანაშაულა პლებსი თავხედობაში. ხალხი ამან კიდევ უფრო განარისხა. დაინიშნა სასამართლო. პატრიციები იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ გამოენახათ მარციუსის დასაცავი ხერხი. მიუხედავად ამისა სასამართლოში უმრავლესობამ მარციუსი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯერ სამუდამო განდევნა.

დევნილობა და მტრის ბანაკში გადასვლა

რედაქტირება

მარციუსმა სასამართლოს გადაწყვეტილება გარეგნული სიმშვიდით მიიღო, დაემშვიდობა დამწუხრებულ დედას და მეუღლეს და დატოვა რომი. რამდენიმე დღე მან გაატარა ქალაგარეთ თავის ვილაში, სადაც ვოლსკებთან გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მარციუსი გადაცმული გაემართა ქალაქ ანტიუმში, სადაც მეფე იყო ტულუს ამფიდიუსი. მან მოახერხა მეფემდე ისე მისვლა, რომ ვერავინ ვერ იცნო, მეფეს კი მოახსენა რომ რომიდან განდევნილია და ყოფილი თანამოქალაქეების დასჯა სურს. ტულუსს გაეხარდა განთქმული რომაელი მეომრის მის მხარეზე გადმოსვლა. სანამ რომში პატრიციების და პლებეების დაპირისპირება გრძელდებოდა, ანტიუმში უკვე მიდიოდა ახალი ომის შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებები.

სანამ ანტიუმში მოხერხდებოდა ჯარების შეკრება, მარციუსმა დაიწყო რომის შემოგარენში მოხალისეთა რაზმით თარეში. რომში შიდა დაძაბულობის გასამწვავებლად მან ჯარისკაცებს უბრძანა პატრციების სახლებისთვის და მამულებისთვის ხელი არ ეხლოთ. როდესაც ვოლსკების ჯარი შეიკრიბა, გადაწყდა რომ ნაწილი ქალაქების დასაცავად უნდა დარჩენილიყო, და ნაწილს რომისკენ გაელაშქრა. დარჩენილ ნაწილს სათავეში ტულუსი ჩაურგდა, ხოლო მეორე ნაწილის მხედართმთავარი მარციუსი გახდა.

მარციუსმა რომის კოლონიების და მოკავშირე ქალაქების რბევა დაიწყო. მას იმედი ჰქონდა რომ რომაელები გამოვიდოდნენ მოკავშირეების დასაცავად და გაიმართებოდა ბრძოლა. რომში კი ისევ არეულობა გრძელდებოდა, თან კონსულების არჩევნებიც ახლოვდებოდა და ამიტომ მათ ეშინოდათ ასეთ პირიბებში საომარი მოქმედებები დაეწყოთ. ასე გრძელდებოდა, სანამ მარციუსმა ლავინიუმს არ შემოარტყა ალყა. ამან გააერთიანა რომაელები. ხალხმა მოისურვა მარციუსისთვის გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მისი ქალაქში დაბრუნება, ხოლო სენატი არ დაეთანხმა ამ აზრს.

როდესაც ამის შესახებ მარციუსმა გაიგო, იგი კიდევ უფრო განრისხდა. მან მოხსნა ლავინიუმის ალყა და დაბანაკდა დედაქალაქის სიახლოვეს. რომაელებმა მარციუსს ელჩობა გაუგზავნეს მოსალაპარაკებლად. ელჩებად მარციუსის ნათესავები აირჩიეს, მათ შესთავაზეს ქალაქში დაბრუნება, მაგრამ მარციუსმა ისინი ძალიან ცივად მიიღო და წამოუყენა ვოლსკების პირობები: რომაელებს უნდა დაებრუნებინათ მიტაცებული მიწები და მიეცათ ვოლსკებისთვის მოქალაქეობა. ამ პირობების მისაფიქრებლად მარციუსმა 30 დღე დაუნიშნა რომაელებს.

მარციუსს ამავდროულად ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვოლსკების მხრიდანაც, მათ ამოძრავებდათ რომაელისადმი შური, მათ შორის ტულუსიც იყო, რომელსაც მიაჩდა რომ მარციუსი უფრო სახელგანთქმული გახდა. ისინი ბრალს სდებდნენ მარციუსს, რომ იგი ძალიან რბილად მოექცა რომაელებს.

როდესაც 30 დღე გავიდა, მარციუსი ისევ დაბანაკდა რომთან. რომაელებმა მასთან ახალი ელჩობა გაგზავნეს დანდობის თხოვნით. მარციუსმა უარი უთხრა და 3 დღიანი ვადა მისცა რომ რომაელები მის პირობებს დათანხმებოდნენ. ამის შემდეგ სენატმა მარციუსთან ქურუმები გაგზავნა, მაგრამ იგი მაინც არ წავიდა დათმობებზე.

როდესაც რომაელებისთვის გამოუვალი სიტუაცია იყო პოპლიკოლას დამ ვალერიამ მიაკთხა მარციუსის დედას ვოლუმნიას და მეუღლეს ვერგილიას. ვალერიამ მათ სთხოვა ერთად წასულიყვნენ მრტის ბანაკში მარციუსთან და ეთხოვათ დანდობა. ვოლუმნია და ვერგილია დათანხმდნენ. ვოლუმნიამ დაარწმუნა ვაჟი უარი ეთქვა სამშობლოს წინააღმდეგ ლაშქრობაზე და დაეხია, მარციუსს დედისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და მართლაც დაიხია.

ანტიუმში დაბრუნების შემდეგ სახალხო კრებაზე ტულუსმა დაადანაშაულა მარციუსი ომის დამთავრებაში, ღალატში და ტირანიისკენ სწრაფვაში. მარციუსი ადგა რათა გასამართლებელი სიტყვა ეთქვა, მაგრამ ტულუსის მიერ წაქეზებული ხალხი ეცა მას და მოკლა7.

როდესაც ეს ამბავი რომში შეიტყვეს, მარციუს არ გაუმართეს დასაფლავება, მაგრამ ცუდადაც არ იხსენიებდნენ, ხოლო ქალებს უფლება მისცეს 10 თვის მანძილზე სამგლოვიარო ტანსაცმელი ეტარებინათ, როგორც ამას ოჯახის წევრის დაღუპვისას შვრებოდნენ.

დეცემვირები

რედაქტირება

Decemviri Legibus Scribundis Consulari Imperio

რედაქტირება

დეცემვირების არჩევა რომში მოხდა კანონების შექმნის მიზნით. საკანონმდებლო კომისიის არჩევის იდეა რომში ძვ. წ. 462 წლიდან გახდა. ძვ. წ. 455 წელს ტრიბუნებმა შემოიტანეს წინადადება რომ სენატორებს შეექმნათ საკანონმდებლო კოლეგია, სენატმა გაგზავნა ათენში ელჩობა სოლონის კანონების შესასწავლად. ისინი ერთ წელიწადში დაბრუნდნენ, რის შედეგადაც პატრიციების და პლებეების შეთანხმების შემდეგ აირჩიეს 10 კაციანი კოლეგია "decemviri legibus scribendis", ვისაც უნდა შეექმნა კანონმდებლობა.

ამ მაგისტრუსებს მიენიჭათ კონსულის ძალაუფლება და ტრიბუნებსაც არ ჰქონდათ მათი მოქმედებების გასაჩივრების უფლება. მიუხედავად ამისა, ტიტუს ლივიუსის ცნობებით ტრიბუნატი მეორე დეცემვირატამდე არსებობდა.

პირველი დეცემვირები აირჩიეს ძვ. წ. 451 წელს. პირველი დეცემვირები იყვნენ:

  • აპიუს კლავდიუსი
  • ტიტუს გენუციუსი
  • პუბლიუს სესტიუსი
  • ლუციუს ვეტურიუსი
  • გაიუს იულიუსი
  • ავლუს მანლიუსი
  • პუბლიუს სულპიციუსი
  • პუბლიუს კურიაციუსი
  • ტიტუს რომილიუსი
  • სპურიუს პოსტუმიუსი

კლავდიუსმა და გენუციუსმა ეს წოდება კონსულობის მაგივრად მიიღეს, რადგან ამ წელს ისინი იყვნენ არჩეულები.

პირველი მოწვევის დეცემვირებმა შექმნეს კანონების ათი ტაბულა და გამოიტანეს იგი სახალხო კრებაზე განსახილველად. ხალხის თანხმობით ამ კანონებს ცენტურიებში ეყარა კენჭი. როდესაც პირველ მოწვევას ვადა გაუვიდა, სენატიც და ხალხიც კმაყოფილები იყვნენ დეცემვირების მმართველობით, თან მიაჩნდათ რომ კანონები შევსებას და სრულყოფას საჭიროებს, ამიტომ მოხდა დეცემვირების მიეორედ არჩევა. წინა მოწვევიდან დარჩა მარტო აპიუს კლავდიუსი, დანარჩენები იყვნენ:

  • მარკუს კორნელიუს მალუგინენსისი
  • მარკუს სერგიუს ესკილინუსი
  • ლუციუს მინუციუს ესკილინუს აუგურინუსი
  • კვინტუს ფაბიუს ვიბულანუსი
  • კვინტუს პოეტელიუს ლიბო ვისოლუსი
  • ტიტუს ანტონიუს მერენდა
  • კესო დუილიუს ლონგუსი
  • სპურიუს ოპიუს კორნიცენი
  • მანიუს რაბულეიუსი

მათ შეიმუშავეს ახალი კანონები, რომლებიც შემდეგ მეთერთმეტე და მეთორმეტე ცხრილებში გაერთიანდა, საიდანაც ჩამოყალიბდა თორმეტი ტაბულის კანონები. ახალი დეცემვირების მმართველობა წინასგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სხრა დეცემვირი მოექცა აპიუს კლავდიუსის გავლენის ქვეშ და მათი მმართველობა ტირანიად იქცა. ადრე თუ მხოლოდ ერთ დეცემვირს დაყვებოდა 12 ლიქტორი ნაჯახებიანი ფასცებით, და ყოველ 10 დღეში ისინი იცვლებოპდნენ, ახლა უკვე ყველას 12 ლკიქტორი დაყვებოდა. პატრიციების სასარგებლოდ ისინი სასტიკად ავიწროვებდნენ პლებეებს, რომლებიც ტრიბუნების გარეშე თავს ვეღარ იცავდნენ. სენატმა დაკარგა თავისი მნისვნელობა, რის გამოც სენატორებიც უკმაყოფილონი იყვნენ. როდესაც გავიდა ერთი წელი და დეცემვირებს ვადა ამოეწურათ, მათ უარი თქვეს არჩევნების ჩატარებაზე.

ძვ. წ. 449 წელს მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც დეცემვირების ძალაუფლება დაემხო და ისევ იქნენ არჩეულნი კონსულები და ტრიბუნები.

თორმეტი ტაბულა

რედაქტირება
 
ტაბულის რეკონსტრუქცია

თორმეტი ტაბულის კანონები (Lex Duodecim Tabularum) წარმოადგენს რომაული სამართალის საფუძველს.

ტიტუს ლივიუსის ცნობებზე დაყრდნობით, თორმეტ ტაბულამდე კანონებს ინახავდნენ პონტიფიკუსები, მათი გაცნობა მხოლოდ პატრიციუსებს შეეძლოთ და იგი არ იყო უბრალო ხალხისთვის ცნობილი. ძვ. წ. V საუკუნის პირველ ნახევარში სახალხო ტრიბუნებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ შექმნილიყო ყველასთვის მისაღები და საჯაროდ ცნობილი კანონთა კრებული. ამ მოთხოვნით ყველაზე აქტიურად ძვ. წ. 462 წელს ტერენტილიუსი გამოდიოდა.

მიღებული კანონები ამოკვეთეს დაფებზე და ფორუმზე თვალსაჩინო ადგილზე დადეს. სამწუხაროდ ორიგინალმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, იგი განადგურდა როდესაც რომი გალებმა აიღეს ძვ. წ. 390 წელს. დღემდე მოაღწია ამ კანონების ციტატებმა სხვადასხვა ავტორებთან. ციცერონი მიიჩნევდა რომ მიუხედავად მრავალი ცვლილებისა და ახალი კანონებისა, თორმეტი ტაბულის კანონი წარმოადგენს რომაული სამართლის საფუძველს.

ტაბულების შინაარსი

რედაქტირება
  • პირველი ორი ტაბულა მოიცავს სამოქალაქო სამართლის ნორმებს.
  • მესამე ეხება ვალებს.
  • მეოთხე - ოჯახური ურთიერთობები
  • მეხუთე - მემკვიდრეობა
  • მეექვსე და მეშვიდე - ქონება
  • მერვე - მოქალაქეთა უფლებების დარღვევა
  • მეცხრე - კონსტიტუციური პრინციპები
  • მეათე - დასაფლავების წესები
  • მეთერთმეტე - ქორწინება
  • მეთორმეტე - კრიმინალი

სამხედრო ტრიბუნების მმართველობა

რედაქტირება


წინაისტორია

რედაქტირება
 
ქალაქ ვეის გეგმა

ძლიერ და მდიდარ ეტრუსკულ ქალაქ ვეისა და ახლად დაფუძნებულ რომს შორის მეტოქეობა ჯერ კიდევ რომის მონარქიის პერიოდში დაიწყო. ამის შესახებ ტიტუს ლივიუსი წერს რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან-ში (I, 15).

ძვ. წ. V საუკუნეში ვეის და რომს შორის ომები რეგულარულად ახლდებოდა. ასეთი მწვავე მეტოქეობის მიზეზი მჭირდო სიახლოვე იყო.

ომის დაწყება

რედაქტირება

ვეისთვის უკანასკნელი ომის გამოცხადება მოხდა რომის დაარსებიდან 349 წელს (ძვ. წ. 405). სამხედრო ტრიბუნები იყვნენ ტიტუს კვინკციუს კაპიტოლინუსი, კვინტუს კვინკციუს ცინცინატუსი, ფაიუს იულიუს იულუსი მეორეჯერ, ავლუს მანლიუსი, ლუციუს ფურიუს მედულინუსი მესამეჯერ, და ემილიუს მამერკი.

ეტრუსკების სხვა ქალაქებს რომთან ომი არ აწყობდათ, ამიტომ ვეიმ იმ წელს დახმარება ვერ მიიღო. შემდეგ წელს ალყა მდორედ გაგრძელდა და ტრიბუნთა ნაწილი ვოლსკებთან ომზე გადაერთვნენ.ვოლსკების დამარცხების შემდეგ რომაელები ისევ მთლიანად ვეიზე გადაერთვნენ.

ძვ. წ. 403 წელს ვეიში მეფე გახდა ადამიანი, რომელიც დანარჩენ ეტრუსკებს არ მოსწონდათ, ამან კიდევ უფრო გააუმჯობესა რომაელების მდგონმარეობა, რომლებმაც ალყაში მოაქციეს ვეი. რომაელი მხედართმთავრები მიიჩნევდნენ რომ ქალაქის აღება შესაძლებელია მხოლოდ ხანგძლივი ალყით, ამიტომ ზამთრის დადგომისას, მათ ააშენებინეს ზამთრის ბანაკი, რაც იმ დროისთვის სიახლე იყო, რადგან ომები მხოლოდ გაზაფხულიდან შემოდგომამდე იწარმოებოდა.

ამან რომაელ პლებსში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ფორუმზე დებადები გრძელდებოდა სანამ ვეისთან შემდეგი ინციდენტი არ მოხდა: როდესაც საალყო იარაღები თითქმის მზად იყო და ქალაქის კედლებთან მიიტანეს, ღამით ვეიდან გამოვიდა ხალხი ანთებული ჩირაღდნებით და ცეცხლი წაუკიდეს მათ. რომაელებს ამხელა სამუშაო წყალში ჩაეყარათ.

როდესაც ეს ამბავი ქალაქში გავრცელდა, სენატში მოვიდნენ ახალგაზრდები, ვინც ცენზის მიხედვით მხედრები უნდა ყოფილიყვნენ და განაცხადეს რომ მზად არიან შეისყიდონ ცხენები8 და წავიდნენ საომრად. მხედართა ამ ჟესტმა გამოიწვია პლებსის საბრძოლო ჟინის ამაღლება და ძალიან ბევრნი ნებაყოფლობით ჩაეწერნენ ჯარში.

ომში ფალისკების და კაპენელების ჩართვა

რედაქტირება

შემდეგ ძვ. წ. 402 წელს სამხედრო ტრიბუნები გახდნენ: გაიუს სერვილიუს აგალა მესამეჯერ, კვინტუს სერვილიუსი, ლუციუს ვერგინიუსი, კვინტუს სულპიციუსი, ავლუს მანილუსი მეორეჯერ და მარკუს სერგიუსი მეორეჯერ.

ვეის ალყაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ჯერ ერთი რომაელ მხედართმთავრებს შორის არ იყო ერთსულოვნება, შემდეგ კი ომში უეცრად ჩაერთვნენ კაპენელები და ფალისკები. ამ ეტრუსკებს მიაჩნდათ რომ ვეის შემდეგ რომაელები მათ წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

ეტრუსკები რომაულ ბანაკს თავს დაესხნენ იმ მონაკვეთზე სადაც მეთაური მარკუს სერგიუსი იყო. გამხნევებული ვეის მოსახლეობაც გამოცვივდა ქალაქიდან და მეორე მხრიდან შეუტიეს რომაელებს. ცხადი იყო რომ დამოუკიდებლად რომაელები ვერ უშველიდნენ თავს, საჭირო იყო მთავარი ბანაკის დახმარება, სადაც ვერგინიუსი იყო მეთაური. ვერგინიუსს და სერგიუსს სძულდათ ერთმანეთი. ვერრგინიუსმა მოამზადა ჯარი, მაგრამ არ გაუშვა სერგიუსის დასახმარებლად, ხოლო სერგიუსმა არჩია მტრისგან დამარცხება მაგრამ არ სთხოვა ვერგინიუსს დახმარება.

ამ სამარცხვინო ფაქტმა გამოიწვია ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ოქტომბერში ახალი სამხედრო ტრიბუნები იყვნენ არჩეულნი. ვეისთან გაწელილი ომი ხალხში უკმაყოფილებას იწვევდა. შემდეგი წლის მანძილზე რომშიც და სამხედრო ბანაკებშიც სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. სერგიუსი და ვირგინიუსი გაასამართლეს დას ჯარიმა დააკისრეს, მაგრამ სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი თანხა რომ ჯარისკაცებისთვის გადაეხადა ხელფასი, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება ლეგიონებში.

ძვ. წ. 399 წელი კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა რომაელებისთვის. განსაკუთრებით ცივი ზამთრის შემდეგ, ზაფხულში შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო. ვეისთან კიდევ ერთი მძიმე ბრძოლა მოხდა ეტრუსკების გაერთიანებულ ჯარებსა და რომაელებს შორის. ამჯერად რომაელებმა წარმატებით დაამარცხეს ეტრუსკები.

შემდეგ ძვ. წ. 398 წელს ვეის ალყაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ახალმა სამხედრო ტრიბუნებმა კამილუსმა და პოტიტუსმა დაამარცხეს ფალერიელები და კაპენელები.

ამ დროს მოხდა უცნაური რამე, ალბანეთის ტბაში წყლის დონემ გაურკვეველი მიზეზებით საგრძნობლად იმატა. რომაელებმა დელფოსში გაგზავნეს ელჩები, რათა გარკვეულიყო ამ მოვლენის მნიშვნელობა. იგივე დროს შეიპყრეს ეტრუსკი ქურუმი, რომლისგანაც გაირკვა ამ მოვლენის მნიშვნელობა. თუ კი ალბანეთის ტბის წყალი მინდვრებზე განაწილდებოდა და ზღვაში არ ჩავიდოდა, მაშინ რომაელები მოიგებდნენ ამ ომს. დელფოსიდან ელჩებმა ზუსტად იგივე პასუხი მოიტანეს.

ძვ. წ. 397 წელს ეტრუსკებმა მიირეს გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ვეის მოსახლეობას. ძვ. წ. 396 წელს საომარი მოქმედებები რომაელებისთვის არ იყო წარმატებული. მიუხედავად ამისა ალბანეთის ტბას გაუკეთეს არხი, საიდანაც წყალი მინდვრებზე გადადიოდა.

კამილუსის მხედართმთავრობა

რედაქტირება

იმავე ძვ. წ. 396 წელს მარკუს ფურიუს კამილუსი აირჩიეს დიქტატორად. მან მხედრების მეთაურად პუბლიუს კორნელიუს სციპიონი დანიშნა. კამილუსმა პირველ რიგში სასტიკად დასაჯა დეზერტირები.

დიქტატორმა პირველ რიგში ვეის მოკავშირე ეტრუსკები დაამარცხა. შემდეგ იგი გამაგრდა ვეისთან. კამილუსმა სასტიკად აკრძალა წვრილწვრილი შეტაკებები და ბრძანა მიწისქვეშა გვირაბის გაკეთება. როდესაც გვირაბი მზად იყო, კამილუსმა ჯარის ნაწილი გვირაბით გაუშვა ქალაქში, ხოლო მეორე ნაწილით ვეიელების ყურადღების მისაქცევად ვითონ შტურმი დაიწყო. სისხლიანი ხელჩართული ბრძოლის სედეგად, რომაელებმა დაიკავეს ვეი.

ვეის მოსახლეობა მონებად აქციეს ხოლო დიდძალი ნადავლი ჯარისკაცებმა გაიყვეს. ასე შეწყვიტა ვეიმ, ეტრუსკების ერთერთმა უმდიდრესმა ქალაქმა, არსებობა.

გალებთან ომი, რომის დაცემა

რედაქტირება

გალების მიერ რომის აღება მოხდა გალების და რომაელების პირველი ომის დროს. ტრადიციისამებრ ეს მოხდა ძვ. წ. 390 წელს.

ომის გამომწვევი მიზეზები

რედაქტირება

ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისში გალების ტომებმა ალპები გადმოლახა ნაყოფიერი მიწების უკმარისობის გამო და ცდილობდა ეთრუსკულ მიწებზე დამკვიდრებას. ძვ. წ. 391 წელს რომში კლუზიუმელების (ეტრუსკები) ელჩები ჩამოვიდნენ გალებთან ომში დახმარების სათხოვნელად. რომაელებმა დახმარებაზე ელჩებს უარი უთხრეს, მაგრამ გალებთან ელჩები მაინც გაგზავნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

გალებმა რომაელი ელჩები კარგად მიიღეს, მაგრამ კლუზიუმის დანდობაზე უარი განაცხადეს. უარით გაცხარებული რომაელები ეტრუსკულ ჯარს შეუერთდნენ, რაც ბრძოლის დროს გალებმა შენიშნეს, ამასთან, ერთერთმა ელჩმა კვინტუს ფაბიუსმა გალთა ბელადი მოკლა. ეს ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

გალებმა ჯერ რომში ელჩები გაგზავნეს ფაბიუსების დასჯის მოთხოვნით. სენატმა მათი მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, მაგრამ იმ მიზეზით რომ ფაბიუსების გვარი ერთერთი ყველაზე წარჩინებული იყო, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. ამის გარდა იმ წელს (ძვ. წ. 390) ფაბიუსები სამხედრო ტრიბუნებად აირჩიეს. განრისხებული გალები უმალვე რომისკენ გაეშურნენ სწრაფი მარშით. გალების შემყურე ქალაქებში პანიკა იწყებოდა, მაგრამ ისინი ყველასს ამცნობებდნენ რომ რომისკენ მიემართებიან.

ალიასთან ბრძოლა

რედაქტირება

ძვ. წ. 390 წელს რომაელთა ლეგიონები და გალთა ჯარი მდინარე ალიის და ტიბროსის შესართავთან შეხვდნენ ერთმანეთს. რომაელთა ჯარი წარმოდგენილი იყო 4 ლეგიონით, დამხმარე და მოკავშირე ჯარებთან ერთად მათში 40000 კაცი იყო, თანაც უმრავლესობა გაუწვრთნელი ახალბედები იყვნენ.

რომის ჯარი ძალიან გაწელილი იყო, რათა მოწინააღმდეგეებს არ შეძლებოდათ ზურგიდან შემოვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გალების წყობაზე მოკლე იყო. ცენტრი ძალიან სუსტი იყო, რეზერვი კი მარჯვენა ფლანგზე ბორცვზე განათავსეს.

გალთა ბელადმა ბრენუსმა ჩათვალა რომ რომაელთა რეზერვი განკუთვნილია იმისთვის რომ როდესაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყება, გალთა ზურგს დაარტყას. ამიტომ მან პირველ რიგში ბორცვზე გამაგრებულ რეზერვს დაარტყა.

რომაელებმა ბრძოლა არც დაიწყეს ისე გაიქცნენ. ბრძოლის პროცესში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა, დაიღუპნენ მხოლოდ პანიკური გაქცევისას ჭყლეტვაში. ბევრი ჯარისკაცი რომის მაგივრად ვეისკენ წავიდა. მდინარე ტიბრისთან მოხდა ჟლეტა, სადაც მთელი მარცხენა ფრთა გაიქცა. ყველა მდინარეში გადახტა თავის საშველად და ვინც ცურვა არ იცოდა ან გამძიმებული იყო იარაღით ყველა დაიხჩო. მარჯვენა ფრთაზე მყოფებმა თავი ქალაქს შეაფარეს და პანიკაში კარიბჭე არც კი დაკეტეს.

შედეგები

რედაქტირება

ვინაიდან გაქცეულ რომაელთა უმეტესობამ თავი რომს კი არა ვეის შეაფარა, რომში ისინი დახოცილებად ჩათვალეს. ქალაქი პანიკამ მოიცვა. რომაელებმა უარი თქვეს მთელი ქალაქის დაცვაზე და მხოლოდ კაპიტოლიუმი გაამაგრეს, სადაც ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი ოჯახებით და სენატორები შეეფარნენ. მეორე დღეს კი, რომის დაარსებიდან 364 წელს, გალებმა დაიკავეს რომი.

კაპიტოლიუმის ალყა

რედაქტირება

ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული გალები რომისკენ დაიძვრნენ. წინ გაშვებულმა მზვერავებმა მოახსენეს რომ ქალაქის კარიბჭე ღიაა და ყარაულები არსად არ ჩანან. გაოცებულმა გალებმა გადაწყვიტეს ღამე ქალაგარეთ გაეტარებინათ და დილიდან შესულიყვნენ ქალაქში.

იმის გამო რომ ჯარის უმეტესმა ნაწილმა თავი რომს კი არა ვეის შეაფარა, მოსახლეობამ ჩათვალა რომ გადარჩენა ვერავინ ვერ შეძლო. ბრძოლისუნარიანმა ხალხმა თავი კაპიტოლიუმის ციხესიმაგრეს შეაფარა თავისი ოჯახებით. ქურუმებს დაევალათ წმინდა ნივთების ქალაქიდან რაც შეიძლება შორს გატანა და დაცვა. კაპიტოლიუმში პლებეების ადგილი არ იყო, ამიტომ მათაც უნდა დაეტოვებინათ ქალაქი.

მოხუცმა სენატორებმა და ტრიუმფატორებმაც არ ისურვეს ციხესიმაგრეში დამალვა, ისინი გამოეწყვნენ საუკეთესო სამოსში, თავისი წარჩინების ყველა ნიშნით და სპილოს ძვლის სავარძლებში (რაც ასევე მათ წარჩინებაზე მეტყველებდა) დასხდნენ საკუთარი სახლების წინ მტრის მოლოდინში (პლუტარქეს მიხედვით ისინი ფორუმზე შეიკრიბნენ).

დილით გალების ჯარი დაუცველ ქალაქში შევიდა. მათ კაპიტოლიუმთან დატოვეს ყარაულები, თვითონ კი გაიფანტნენ ქალაქის გასაძარცვათ. გამოწყობილი მოხუცი ტრიუმფატორებმა და სენატორებმა ისინი ჯერ დააბნიეს, არ იყვნენ დარწმუნებულნი, ეს ადამიანები არიან თუ ღმერთები, მაგრამ როდესაც ერთერთმა სენატორმა გალ ჯარისკაცს კვერთხი ჩაარტყა თავში, გალები აზრზე მოვიდნენ და დახოცეს ისინი.

როდესაც გალებმა გაძარცვეს ქალაქი, მათ დაცარიელებულ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის შემდეგ გალებმა გადაწყვიტეს კაპიტოლიუმის შტურმით აღება. ციხესიმაგრე ძალიან ციცაბო კლდეებზე იყო აშენებული. რომაელებმა საშუალება მისცეს გალებს კლდის ნახევარზე ამოცოცებულიყვნენ და მხოლოდ შემდეგ დაუშინეს ქვები და თვითონაც შეეტაკნენ. ამ შტურმში გალებს ისეთი დანაკარგები ჰქონდათ რომ ციხის ასე აღებაზე უარი თქვეს და ალყა შემოარტყეს.

კამილუსის დიქტატორად არჩევა

რედაქტირება

გალების ნაწილი კაპიტოლიუმის ალყით იყო დაკავებული, ხოლო ნაწილი რომის მიდამოებში თარეშობდა საკვების მოსაპოვებლად. ამ მოთარეშეთა რაზმს რომის განდევნილი ყოფილი დიქტატორის კამილუსის მეთაურობით წარმატებით შეებრძოლა არდეუმის ჯარები. ამ ბრძოლის შემდეგ ვეიში თავშეფარებულმა რომიაელებმა კამილუსს სთხოვეს მათი მხედართმთავრობა. კამილუსმა სენატის თანხმობის გარეშე უარი განაცხადა დიქტატორობაზე. თანხმობის მისაღებად კაპიტოლიუმში გაგზავნეს ახალგაზრდა მეომარი, რომელიც ღამით საიდუმლო ბილიკებით შეიპარა ციხესიმაგრეში და ალყაშემორტყმულ სენატს გადასცა რომაელთა მოთხოვნები.

სენატში ყველა დათანხმდა რომ ასეთ კრიტიკულ დროს კამილუსსზე უკეთ ვერავინ უხელმძღვანელებდა რომის გაფანტულ ლეგიონებს და იგი დიქტატორად აირჩიეს.

გალებისთვის საიდუმლოდ არ დარჩა ახალგაზრდა რომაელის ციხესიმაგრეში შეპარვა. მათ მალე იპოვეს ბილიკი ნაფეხურებით და გადაწყვიტეს ღამე ჩუმად შეპარულიყვნენ ციხესიმაგრეში. ღამით გალები ისე ჩუმად აძვრნენ გალავანზე რომ ვერც ყარაულებმა და ვერც ძაღლებმა ვერაფერი გაიგეს. გადმოცემის მიხედვით, მიუხედავად შიმშილისა, იუნონას ტაძარში მაინც იყვნენ ქალღმერთისთვის მიძღვნილი ბატები, სწორედ მათ გაიგეს გალების ფათური და ყაყანი ატეხეს, რის შედეგადაც მარკუს მანლიუსმა გაიღვიძა და ყველას იარაღისკენ მოუწოდა, თვითონ კი გალავანზე ამომძვრალი გალები უფსკრულში გადაყარა. ამრიგად რომაელებმა შეძლეს ამ შემოტევის მოგერიება. მარკუს მანლიუსი კი საგანგებოდ დააჯილდოვეს.

კამილუსის მიერ რომის განთავისუფლება

რედაქტირება

გალებსაც და რომაელებსაც შიმშილი აწუხებდათ, გალებს იმიტომ რომ კამილუსის ჯარი მათ თარეშის საშუალებას არ აძლევდა. ამას დაერთო მათ ბანაკში ეპიდემიებიც. ამიტომ ორივე მხარე მოლაპარაკებებზე დათანხმდა. რომაელებს კი შიმშილისგან წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდათ.

გალებმა გამოსასყიდათ 1000 ფუნტი ოქრო მოითხოვეს, რაზეც რომაელები დათანხვდნენ. ამ დროს კამილუსი უკვე ემზადებოდა ვეიდან რომისკენ გამოსალაშქრებლად.

გამოსასყიდის გადაცემის დროს გალებმა ყალბი გუირები მოიტანეს და მეტი ოქრო მოითხოვეს, ხოლო როდესაც რომაელებმა პრეტენზია გამოთქვეს, გალთა ბელადმა სასწორზე ხმალი დადო და თქვა "vae victis" - "ვაი წაგებულთ".

სწორედ ამ დროს გამოჩნდა დიქტატორი კამილუსი თავისი ლეგიონებით და განაცხადა რომ მის გარეშე მოლაპარაკება არაკანონიერია და ლიქტორებს უბრძანა ოქროს სასწორიდან აღება. დიქტატორი მაშინვე შეებრძოლა გალებს და დაამარცხა.

რომის აღდგენა

რედაქტირება

ამ გმირობის შემდეგ კამილუსს რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ მან ხელი შეუშალა პლებს რათა ვეიში გადასახლებულიყვნენ და აიძულა რომაელები აღედგინათ დანგრეული სახლები და შენობები, რაც მათ ერთ წელიწადში მოახერხეს.

შენიშვნები

რედაქტირება
  • ^  - იხილეთ თავი 8 სახელმწიფო წყობა
  • ^  სავარაუდოთ ძვ. წ. 508 წლის 28 თებერვალს
  • ^  - იხილეთ თავი 2 რომის სამეფო
  • ^  - პლუტრქეს და ტიტუს ლივიუს ეს ამბები ცოტა სხვადასხვანაერად აქვთ აღწერილი. ლივიუსის მიხედვით კოლატინუსს რომი ტარკვინიუსის ელჩების ჩამოსვლამდე დაატოვებინეს, მხოლოდ იმიტომ, ტომ მასაც ტარკვინიუსი ერქვა. ხოლო პლუტარქეს მიხედვით ამ შეთქმულების დროს იგი ჯერ კიდევ კონსული იყო, მაგრამ სულიერი სისუსტე გამოიჩინა, რადგან შეთქმულთა რიცხში მისი ნათესავებიც იყვნენ და ამის შემდეგ მოუწია რომიდან წასვლა.
  • ^  - ლივიუსის მიხედვით მან თვითონ აიშენა სახლი.
  • ^  - ეს ეპიზოლი ტიტუს ლივიუსს აქვს დაწვრილებით აღწერილი. რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან II წიგნი. 10
  • ^  - ტიტუს ლივიუსის მიხედვით გნეუს მარციუსი.
  • ^  - ტიტუს ლივიუსი ამბობს რომ ზოგი ვერსიით მარციუსმა სიბერემდე იცოცხლა დევნილად.
  • ^  მხედრებს სახელმწიფო უზრუნველყოფდა ცხენით. ხოლო საკუთარ ცხენზე ბრძოლა ითვლებოდა პატრიოტიზმის გამოვლინებათ.