სალამურას თავგადასავალი/თავი პირველი

განსაცდელი, უფლისწულის უცნაური სიზმარი

რედაქტირება

ერთხელ ქონდარეთის ხელმწიფის ვაჟმა უცნაური სიზმარი ნახა... ეს სიზმარი იმდენად საინტერესო მეჩვენება, რომ ამბის მოყოლა აქედან დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. მართლაც, რა დროს ხელმწიფის ვაჟის სიზმარია, როცა თქვენ ისიც კი არ იცით, რა ქვეყანაა ქონდარეთი, ანდა ვინ არის მისი ხელმწიფე. სიმართლე თუ გინდათ გაიგოთ, ასეთ ქვეყანას, სახელგანთქმული მოგზაურიც რომ იყოთ, ახლა ვერსად აღმოაჩენთ. მე კი სარწმუნო წყაროებიდან ვიცი: ქონდარეთი ნამდვილად არსებობდა. მაშინ სხვა დრო გახლდათ, მაშინ მთელი დედამიწა მხოლოდ მშვენიერი ზღაპრული ქვეყნებით იყო დასახლებული და ამ მშვენიერ ქვეყნებში ცხოვრობდნენ თქვენთვის ცნობილი და საყვარელი ზღაპრის გმირები. ყველა ზღაპარი, რომელიც თქვენ გაგიგონიათ ან წაგიკითხავთ, რა თქმა უნდა, იმდროინდელია. მაშ, ასე! დავიწყოთ თავიდან. მაღალი მთებიდან ბარისკენ მოიჩქაროდა ატეხილ ჭალებში ჩაფლული მდინარე ჩქაფუნა. მთის მდინარე როგორც კი ბარში ჩამოვიდოდა და გაივაკებდა, ორად იტოტებოდა. სწორედ ამ ტოტებს შორის იყო მოქცეული ქონდრისკაცების ულამაზესი ქვეყანა ქონდარეთი. ქონდარეთს განაგებდა ხელმწიფე ქონდარ XV. ქონდარ XV ამაყობდა თავისი შთამომავლობით. თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის აამაყებდა, რომ თავისი ქვეყნის მეთხუთმეტე მეფე იყო. არც მეტი, არც ნაკლები, საშინლად დაწყდებოდა გული, მეთოთხმეტე ან მეთექვსმეტე მეფე რომ ყოფილიყო. რას იზამ, კაცია და გუნება! ქონდარეთს დედოფალიც ჰყავდა. დედოფალს ერქვა ქონდარინე. ამბობენ, ახალგაზრდობაში თითქოს მზეთუნახავს ჰგავდაო. მაგრამ მას შემდეგ, რაც დედოფალი გახდა და ქვეყანას უფლისწული აჩუქა,მეტისმეტად გასუქდა. ხელმწიფის პირველ ვეზირს - ქონდართუხუცესსაც ბევრი რამ ჰქონდა საამაყო. თუმცა ქედმაღლობაში არ ჩამომართვანო, მხოლოდ თავისი უზარმაზარი ცხვირით ამაყობდა, განსაკუთრებით კი ცხვირზე წამოსკუპებული მეჭეჭით. ცხვირს რომ დააცემინებდა, ტყეში ფრინველი ფრთხებოდა. მერე ერთსა და ორს კი არ გაკმარებდათ, ისეთ ცხვირის ცემინებას ასტეხდა, გეგონებოდათ, ომი დაიწყოო. ქვეყანაზე არც ერთი ქალიშვილი ისე არა ჰგავს მამას, როგორც ფრინტა ჰგავდა ქონდართუხუცესს. პირველ ვეზირს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი და ყოველდღე ეუბნებოდა: თუ გინდა მზეთუნახავი გახდე, მზეს ნუ დაენახვებიო. თანაც ოსტატებს ისე ააგებინა სასახლე, რომ ფრინტას ოთახის სარკმელი პირდაპირ მისჩერებოდა უფლისწულის ფანჯარას. უფლისწულმა მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი თავისი ფანჯრიდან ფრინტას ცხვირს და ქონდართუხუცესის ქალიშვილისაკენ მეორედ აღარ გაუხედავს. მართლა, სულ გადამავიწყდა! უფლისწულს ქონდარუხი ერქვა. ერთხელ მეტად უცნაური სიზმარი ნახა. თუმცა ქონდარუხი, ალბათ,ვერასოდეს ნახავდა სიზმარს, ერთი მეზღაპრე რომ არ ჰყოლოდა მიჩენილი. ეს მეზღაპრე, როგორც კი უფლისწულს ჩაეძინებოდა, დაუჯდებოდა სასთუმალთან და ზღაპრებს უყვებოდა.სწორედ ზღაპრები იყო მიზეზი მისი სიზმრებისა, რასაც მეზღაპრე უამბობდა, ამას ხედავდა ძილში უფლისწული. ქონდარუხი თითქმის ძილში გაიზარდა. ღამით ხომ ეძინა და ეძინა, არც დღისით იკლებდა ძილს, ამიტომ დღე-ღამის განმავლობაში უამრავ სიზმარს ხედავდა ხოლმე. მაგრამ ის, რაც ახლა მინდა გიამბოთ, არაფრით არ ჰგავდა ადრე ნანახ სიზმრებს. მსუყე და გემრიელი სადილის შემდეგ უფლისწულმა ჩვეულებისამებრ დაიძინა. ჯერ ისევ დღე იყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, დღისით, მზისით, ღამე დაესიზმრა. ეს ალბათ, მეზღაპრის ბრალი იყო. როგორც ეტყობა, მოსწყინდა სულ მუდამ ფუნთუშა ღვეზელებსა და მოშიშხინე ტაფებზე ზღაპრების მოყოლა და ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავის ზღაპარი უამბო. უფლისწულს მართლაც დაესიზმრა ციცინათელების ქვეყანა და მზეთუნუნახავი. მზეთუნახავ ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან შეკერილი კაბა ეცვა და, ციცინათელებით გარშემორტყმული, ტყეში მიდიოდა. ოჰ, რა ლამაზი მზეთუნახავი იყო! მანათობელი მწერები გზას უნათებდნენ, სიყვარულით თავს ევლებოდნენ და დასციმციმებდნენ. თუ ციცინათელა დაიღლებოდა, ერთი წუთით მზეთუნახავის თმაში ჩაიძინებდა. მერე ისევ ამოფრინდებოდა და თავის ქალბატონს წინ მიუძღოდა. ციცინათელები ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ამიტომ მზეთუნახავის თმა ისე ბრჭყვიალებდა, მარგალიტებით მოოჭვილი გეგონებოდათ. როცა ქონდარუხს გაეღვიძა, გაოცებისაგან თვალები დაჭყიტა. ასეთი სიზმარი არასოდეს ენახა. ესიზმრებოდა, როგორ ცხვებოდა ღუმელში ფუმფულა ღვეზელი, როგორ იწვებოდა და შიშხინებდა ტაფაზე ნაირ-ნაირი ძეხვები და კუპატები. ახლა კი უცებ მზეთუნახავი დაესიზმრა, ისიც ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი. ამ სიზმრის შემდეგ ქონდარუხს სასხლეში ვეღარავინ ცნობდა. გამოიცვალა. აღარც ჭამდა და აღარც სვამდა. თავის საყვარელ უგემრიელეს საჭმელებს პირს აღარ აკარებდა. ძველი მზარეული დაითხოვეს და ახალი მიოყვანეს. მეზღაპრეც გამოცვალეს. ქონდარუხს მაინც არაფერი ეშველა. - მომიყვანეთ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი! მე მინდა მასთან ერთად ვითამაშო! - ღრიალებდა უფლისწული. სასხლის კარი საგონებელში ჩავარდა. არავინ იცოდა ვინ იყო ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი, ანდა საიდან უნდა მოეყვანათ.