სალამურას თავგადასავალი/თავი მეორე

სალამურა და ზარმაცი ჭიამაიები

რედაქტირება

დედამიწის ზურგზე მხოლოდ მწყემსმა ბიჭუნამ სალამურამ იცოდა, სად იყო ციცინათელების ქვეყანა.


სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე მწყემსავდა ჭიამაიებს.


ზოგს, ალბათ, გაუკვირდება, ჭიამაიებს რა მწყემსვა და მოვლა-პატრონობა უნდაო? დიდად ცდება, ვინც ამას ფიქრობს. იმ დროს ამინდის ბიურო არ არსებობდა და ჭიამაიას უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა ხალხისათვის. საკმარისი იყო გეთქვა: ,,ჭია, ჭიამაია, ხვალ როგორი დარიაო, და კარგად გაწვრთნილი ჭიამაია მაშინვე გაშლიდა ფრთებს, გაფრინდებოდა. ერთი-ორი საათის შემდეგ უკან დაბრუნდებოდა და ამინდის ამბავს მოიტანდა. ამინდის წინდაწინ ცოდნა ხელს უწყობდა მოსავლისა და ჭირნახულის ბარაქიანობას, გარდა ამისა, მოგზაურებსაც ხომ უნდა სცოდნოდათ, ხვალ როგორი დარი იქნებოდა, განეგრძოთ გზა თუ კარგ ამინდს დალოდებოდნენ. იმდროინდელ მოგზაურებს პატარა კოლოფებში ყოველთვის ჰყავდათ დამწყვდეული ჭიამაიები.


თქვენ ახლაც შეგიძლიათ დაიჭიროთ ჭიამაია,ხელის გულზე დაისვათ და რამდენჯერმე გაუიმეოროთ:


ჭია, ჭიამაია, ხვალ როგორი დარია?


ჭიამაია მაშინვე გაშლის ფრთებს და ამინდის გასაგებად გაფრინდება, მაგრამ უკან თუ არ დაბრუნდა, ეს მხოლოდ იმისი ბრალი იქნება, რომ რადიოსა და ტელევიზორში ყოველ დღე გადმოსცემდნენ ამინდის ბიუროს ცნობებს. აღარც თქვენ გაინტერესებთ ჭიამაიას მოტანილი ამბავი და არ უცდით მის მოფრენას.


დანამდვილებით ვერ გეტყვით, გეტყვით მხოლოდ იმას, რაც გამიგონია: მწყემს ბიჭუნას სალამურა იმიტომ ერქვა, რომ სალამურთან ერთად დაბადებულა.


ირიჟრაჟებდა თუ არა, უკვე ფეხზე იდგა. ჭრელ წინდებზე კოხტად ამოისხამდა ქალამნებს და წყალიკრეფიას ფოთლებზე დაგროვილი ნამით დაიბანდა ხელ-პირს. შავად დაწინწკლულ წითელ ქულაჯაში გაუყრიდა ხელებს და თავზე ნაბდის ქუდს მოირგებდა. მერე ქამარში გარჭობილ სალამურს ამოიღებდა, სულს ჩაჰბერავდა, ლერწმის ღეროდან ცისკრის სადიდებელი ჰანგები დაიღვრებოდა, ამ ხმებზე იღვიძებდა ბუნება, რომელსაც ჟრუანტელივით დაუვლიდა ნიავი.


ჭიამაიებსაც სალამურის კვნესა აღვიძებდათ, ბალახში მიმალული წითელი და ყვითელი ჭიამაიები გამოდიოდნენ და სალამურას გარშემო იყრიდნენ თავს. მწყემსი ბიჭუნა ორ ჭიამაიას გამოარჩევდა, წითელს ქარების ქვეყანაში გაგზავნიდა ამინდის გასაგებად, ყვითელს კი - წვიმის ქვეყანაში. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, თან გამოუცდელ ჭიამაიებსაც გააყოლებდა, რათა ესწავლათ ქარისა და წვიმის ქვეყნების გზები.


მერე მთებში დიდი მზე ამოვიდოდა. სალამურა ახლა მზის ამოსვლისას დაუკრავდა. მწვანე ფერდობებს თბილი სხივები ეფინებოდა, სალამურა კი თავის ჭიამაიებს იალაღებზე გაშლიდა ფარასავით.


ერთ დღეს ორი ჭიამაია გაგზავნა სალამურამ, ერთი ქარის, მეორე წვიმის ქვეყანაში.


მოშუადღევდა.


ჭიამაიები არ ჩანდნენ.


სალამურა ღელავდა. სოფლებიდან ხალხმაც კი ამოაკითხა.


- სალამურავ, გვითხარი, ხვალ როგორი დარი იქნება?


სალამურამ ვერაფერი უთხრა,ანდა რას ეტყოდა, როცა მისი ჭიამაიები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ.


ხალხი გაწბილებული გაბრუნდა. სალამურა კი ჭიამაიების საძებნელად გაეშურა.


დიდხანს მიდიოდა. გზადაგზა სალამურს ჩაჰბერავდა, თუ გზა დაებნათ, ნაცნობ ხმას გაიგონებენ და მოფრინდებიანო.


ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, დიდი გზის გასაყართან შეჩერდა. ერთი გზა მარჯვნივ უხვევდა, მეორე - მარცხნივ. მარჯვენა ქარების ქვეყანაში მიდიოდა. მარცხენა - წვიმისაში. სალამურა დაფიქრებული იდგა, ვერ გადაეწყვიტა, საით წასულიყო.


უცებ დაბლა დაიხედა და რას ხედავს: ორივე ჭიამაია იქვე ბალახის ჩრდილში წამოწოლილა, ცაცები თავქვეშ ამოუდიათ და არხეინად სძინავთ.


-ჰაიტ, თქვე ძილისგუდებო! - დაუყვირა სალამურამ.


გულგახეთქილი ჭიამაიები წამოცვივდნენ, იმწამსვე გაშალეს ფრთები და გასაფრენად მოემზადდნენ, მაგრამ სალამურას ხმამ შეაჩერა:


-ასე გინდათ იცხოვროთ, ზარმაცებო?! ახლავე დაბრუნდით უკან!


ჭიამაიებს შერცხვათ სალამურასი და თავი მორცხვად დახარეს. ოღონდ დანაშაული გამოესყიდათ და დაუფიქრებლად გაფრინდებოდნენ ქარისა და წვიმის ქვეყნებში, მაგრამ გვიან იყო. მზე უკვე ჩასასვლელად ემზადებოდა. დარცხვენილებმა გაშალეს ფრთები და თავის იალაღებს დაუბრუნდნენ.


სხვა რა გზა ჰქონდათ!





გრიგალი, შეხვედრა ტყის პირას


მეორე დღეს, ის იყო სალამურა ორ ჭიამაიას ამინდის გასაგებად აგზავნიდა, რომ ცა შავად მოიღრუბლა და დედამიწა საზარელმა ჭექა-ქუხილმა შეძრა, თან საშინელი გრიგალი ამოვარდა.


თითქოს ცამ პირი გახსნაო - კოკისპირული წვიმა წამოვიდა. არც სალამურა, არც მთის ძირში გაშლილი სოფლები ამ გრიგალსა და წვიმას არ ელოდნენ.


წვიმდა, აწყვეტილი გრიგალი დაჰქროდა. მთის ფერდობები ნიაღვრით დაისერა, მდინარეები ადიდდა და სოფლებს წალეკვით ემუქრებოდა.


თავით ფეხამდე გაწუწული სალამურა ქარ-წვიმაში დარბოდა, გაფანტულ ჭიამაიებს აგროვებდა.


- აი, რა გვიყო სიზარმაცემ,- ამბობდა სალამურა,- ჩვენ რომ გუშინ გაგვეგო,


როგორი ამინდი იქნებოდა დღეს, ასეთი რამე არ დაგვემართებოდა.


გვიან გამოიდარა. შავი ღრუბელი გაიფანტა და დასავლეთისკენ გადახრილი მზე გამოჩნდა. სალამურამ გაფანტულ ჭიამაიებს თავი მოუყარა და დათვალა. ოცდაათი დააკლდა. სასოწარკვეთილმა კიდევ ერთხელ გადათვალა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოცდაათი ჭიამაია დაკარგულიყო. დაკარგულებში ის ორი ზარმაციც ერია.


სალამურამ ჭიამაიები დააბინავა და და დაკარგულების საძებნელად გაეშურა. სალამურის დაკვრით გადაიარა მაღალი მთა და თავქვე დაეშვა ტყისკენ. დაღლილობა მხოლოდ ახლა იგრძნო, ტყის მახლობლად, ქვაზე ჩამოჯდა. ირგვლივ ნაღვლიანად მიმოიხედა. ამ თვალუწვდენელ ქვეყანაზე სად ეძებნა დაკარგული ჭიამაიები?


მზე მთებში ჩაესვენა. საღამოს ბინდი დაეფინა მწვანე ფერდობებს. სალამურამ მწუხრისა დაუკრა, დაკვრით ისე გაერთო, ვერც კი შეამჩნია, როგორ წამოეპარა ღამე.


ცაზე უამრავი ვარსკვლავი აკიაფდა. სალამურამ გაოცებით აიხედა ზევით, ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი ღამისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შესახებ, მაგრამ არც ღამეული ცა და არც აციმციმებული ამდენი ვარსკვლავი ჯერ არ ენახა. ანდა როდის ნახავდა, როცა ჭიამაიებთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა.


ტყის თავზე მთვარე შემოჯდა, იქაურობას ოქროს ნათელი მოჰფინა. სალამურამ მთვარეს ძველი ნაცნობივით გაუღიმა: მთვარე დღისითაც ანათებს ხოლმე და იცნო. თუმცა დღისით ისეთი ბრჭყვიალა და შუქმფინარი არ არის. სალამურა ახლა ტყეს მიაშტერდა. უცებ მოეჩვენა, რომ ტყეც მოკიაფე ვარსკვლავებით იყო სავსე. ოღონდ ტყის ვარსკვლავები მოძრაობდნენ, თანაც ქრებოდნენ და ინთებოდნენ, ქრებოდნენ და ინთებოდნენ.


სალამურა წამოდგა. გაყუჩდა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ტყისკენ და შეჩერდა, რადგან სიმღერა გაიგონა.


ტყიდან სიმღერით გამოვიდა ყვითელკაბიანი გოგონა. გოგონას გარს ეხვეოდა უამრავი ვარსკვლავი და ღამეში თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. რისი ვარსკვლავები! ვარსკვლავები კი არა, ციცინათელების ამალა მოჰყვებოდა.


გოგონა მღეროდა.


გაყუჩებული, ღამის ბინდით მოცული ტყე, მთები, კორდები და მდელოები ამ სიმღერით ტკბებოდნენ. სალამურასაც ისე მოეწონა, რომ ქამარში გარჭობილი სალამური ამოიღო და სული ჩაჰბერა, სალამურის ხმა გოგონას სიმღერას შეუხმატკბილა.


გოგონამ სალამურის ხმა რომ გაიგონა, შეჩერდა. ციცინათელებმა ახლა სალამურას გარშემო დაიწყეს ფრენა და ღამეში ნათლად გამოჩნდა სალამურის დამკვრელი წითელჩოხიანი მწყემსი ბიჭუნა.


- ვინ ხარ?-ჰკითხა ყვითელკაბიანმა გოგონამ.


- მე სალამურა ვარ, ჭიამაიების მწყემსი.


- მერე ამ ღამეში აქ რამ მოგიყვანა?


- ჭიამაიები დავკარგე და იმათ ძებნაში შემომაღამდა.


- განა შენ იცოდი, რომ მე მათი მოძებნა შემეძლო?


- არა აქ შემთხვევით მოვხვდი. მაგრამ, თუ შეგიძლია, მაპოვნინე ჩემი ჭიამაიები, მადლობელი ვიქნები.


- კარგი გაპოვნინებ.


- მითხარი, რა გქვია ან ვინა ხარ?


- მეც მწყემსი ვარ, ოღონდ ციცინათელების მწყემსი. ბაია მქვია.


- ბაია! რა კარგი სახელია! მე მინახავს ლამაზი, ყვითელი ყვავილი, იმ ყვავილსაც ბაიას ეძახიან. მართლა, შენი კაბაც ხომ ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან არის შეკერილი!


ბაიამ გაიღიმა. არაფერი უპასუხა.


- როგორ მაპოვნინებ დაკარგულ ჭიამაიებს?


- ციცინათელებს გავგზავნი და უსათუოდ იპოვნიან. ციცინათელები კეთილები არიან. ისინი ღამით დაკარგულ, გზააბნეულ მგზავრებს პოულობენ და გზას უნათებენ.


ბაიამ ქვეყნის ორივე მახრეს გაგზავნა ციცინათელები, თან დაარიგა, ვინ უნდა ეძებნათ და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.