ევროკოდი 8-3 ძირითადი კრიტერიუმები

ევროკოდი 8-3

რედაქტირება

ძირითადი კრიტერიუმები

ნებისმიერი ჩარევა შენობა-ნაგებობის აღდგენა-გაძლიერებაში უნდა დარეგულირდეს მოქმედი ნორმებით. სამშენებლო ევროკოდის ძირითადი მიზანია ახალი ნაგებობები და მათში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა აღდგენა-გაძლიერების საკითხებს. ძველი შენობების გაანგარიშება მოითხოვს ცოდნას შენობა-ნაგებობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შენობის დეტალურ ინსპექციას და კონსტრუქციის დიაგნოსტირებას.

ევროკოდი 8-ის მცირე ნაწილი ევროკოდი 8-3 ეძღვნება შენობების აღდგენა-გაძლიერების საკითხებს და ის სპეციალურად იქნა შემუშავებული, რადგან:

-ბევრი ძველი ნაგებობის მშენებლობის დროს არ იყო გათვალისწინებული სეისმომედეგობა, ხოლო არასეისმური ზემოქმედებები გათვალისწინებული იყო ტრადიციული არსებული სამშენებლო წესების მიხედვით.

-სეისმური საფრთხის შეფასება ცოდნის თანამედროვე დონის მიხედვით შეიძლება მოითხოვდეს ნაგებობის რეკონსტრუქციის განხორციელებას.

-მიწისძვრით გამოწვეულმა დაზიანებებმა ნაგებობაში შეიძლება განაპირობოს მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოების საჭიროება.

ამასთან ევროკოდი 8-3:

1.ერთადერთია სამშენებლო ევროკოდების 58 ტომს შორის, რომელიც არსებულ ნაგებობებს შეეხება.

2.დღესდღეობით პირველი სტანდარტია ევროპაში სეისმური შეფასებასა და გაძლიერებაზე. რადგანაც არ არსებობს ნორმირებული სეისმური შეფასებისა და გაძლიერების ევროპული გამოცდილება, ევროკოდი 8-3 არის ექსპერიმენტი და უცნობია ჯერჯერობით თუ როგორ იმუშავებს ის საინჟინრო პრაქტიკაში.

3.ყველა დანარჩენი ევროკოდებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოიყენება ყველა ნაგებობისათვის (ანუ ყველა ახალი ნაგებობისათვის),ევროკოდი 8-3 გამოიყენება მხოლოდ ისეთი ნაგებობისათვის, რომელთა მფლობელები – ან ლოკალური ავტორიტეტები – გადაწყვეტენ ნაგებობის სეისმურ შეფასებასა და შესაძლო გაძლიერებას.

4.როგორც შედეგი, ევროკოდი 8-3 შეზღუდულია გამოყენების თვალსაზრისით, მოიცავს რა მხოლოდ ზოგად წესებს:

- მოთხოვნები ნაგებობის ქცევაზე და კრიტერიუმები;

- ხუთი საანგარიშო მეთოდის გამოყენების პირობები;

-შემოწმების ტიპები დამყოლი და მყიფე ქცევის ფორმებისა და ნგრევისათვის;

-ინფორმაციის შეგროვება და მისი გამოყენება შეფასებისათვის.

ევროკოდი 8-3 განიხილავს შემდეგ ნაგებობებს:

- რკინაბეტონის კონსტრუქციებს;

- ფოლადის ან კომპოზიტური მასალის კონსტრუქციებს;

- ქვის შენობებს.

ევროკოდი 8-3 განიხილავს სეისმური მდგომარეობის შეფასებისა და რეკონსტრუქციის მხოლოდ კონსტრუქციულ ასპექტებს, რომელიც სეისმური რისკის შემცირების ერთიანი სტრატეგიის მხოლოდ ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს. იგი გამოიყენება გარკვეული შენობის შეფასების საჭიროების დადგენის შემდეგ. თუ რა პირობებში მოითხოვება ცალკეული შენობის სეისმური შეფასება – რომლის მიხედვითაც შესაძლოა საჭირო გახდეს რეკონსტრუქცია - სცდება ევროკოდი 8-3 განხილვის სფეროს.

სეისმური მდგომარეობის შეფასებისა და რეკონსტრუქციის მეშვეობით სეისმური რისკის შემცირების ეროვნული პროგრამები დიფერენცირებულია სეისმური შეფასებისა და აღდგენა-გაძლიერების "აქტიურ" და "პასიურ" პროგრამებად. "აქტიური" პროგრამები შეიძლება მოითხოვდეს გარკვეული კატეგორიის შენობების მესაკუთრეებისგან სპეციალურ ვადებს სეისმური მდგომარეობის შეფასების დასრულებისათვის – და მისი შედეგებიდან გამომდინარე – რეკონსტრუქციისთვის. ამ მიზნისთვის შერჩეული შენობების კატეგორიები შეიძლება დამოკიდებული იყოს შენობების სეისმურობასა და ადგილობრივი გრუნტის პირობებზე, მნიშვნელოვნების კლასსა და შენობის ხალხით დაკავებულობაზე, დაზიანებადობისადმი მგრძნობელობაზე (როგორიცაა, გავლენა გამოწვეული მასალისა და კონსტრუქციის ტიპით, სართულიანობით, შენობის ასაკის ძველი ნორმების მოთხოვნებთან მიმართებაში, და ა.შ.). "პასიური" პროგრამები აკავშირებს სეისმური მდგომარეობის შეფასებას – შესაძლოა რეკონსტრუქციის მოთხოვნით – სხვა შემთხვევებთან ან საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებულია შენობის გამოყენებასა და მის უწყვეტ ექსპლოატაციასთან, როგორიცაა შენობის ფუნქციის შეცვლა, რაც ცვლის შენობის ხალხით დაკავებულობას ან მნიშვნელოვნების კლასს, ზემოთ აღნიშნული გარკვეული შეზღუდვების შეცვლას (როგორიცაა, შენობის ფართობის პროცენტული წილი ან შენობის საერთო ღირებულება), მიწისძვრის შემდეგ დაზიანების აღდგენას და ა.შ. თუ რომელი ზღვრული მდგომარეობები უნდა შემოწმდეს. ასევე, თითოეული ზღვრული მდგომარეობის შესაბამისი სეისმური ზემოქმედების განმეორებადობის პერიოდი შეიძლება დამოკიდებული იყოს შეფასებისა და რეკონსტრუქციის არჩეულ პროგრამაზე. სათანადო მოთხოვნები შეიძლება "აქტიურ" პროგრამებში ნაკლებად ზუსტი იყოს ვიდრე "პასიურში". მაგალითად, "პასიურ" პროგრამებში, რომლებიც დაკავშირებულია მოდერნიზაციასთან, შესაბამისი მოთხოვნები შეიძლება დახარისხებული იქნეს განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების მიხედვით.

დაბალი სეისმურობის შემთხვევაში ევროკოდი 8-3 შეიძლება გამოყენებული იქნეს ლოკალური პირობებისთვის სათანადო ეროვნული დანართების მეშვეობით.

ევროკოდი 8-3 იძლევა შენობების სხვადასხვა მნიშვნელოვნების კლასისათვის ალტერნატიულ პროცედურებს. შენობები მნიშვნელოვნების მიხედვით დაყოფილია 4 კლასად მიწისძვრის შედეგების დადგომის თვალსაზრისით:

-შესაძლო მსხვერპლის რაოდენობის;

-მოსახლეობის უსაფრთხოების;

-უშუალოდ მიწისძვრის შემდგომ პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობის;

-ნგრევის სოციალურ და ეკონომიკური შედეგების მიხედვით.

შენობების მნიშვნელოვნების კლასებია:

I.შენობები, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია ხალხის უსაფრთხოებისათვის, მაგ.სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები და ა.შ.

II.ჩვეულებრივი შენობები, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა კატეგორიებს

III.შენობები, რომელთა სეისმომედეგობა მნიშვნელოვანია ნგრევის შედეგების თვალსაზრისით, მაგ. სკოლები, თავშეყრის დარბაზები, კულტურული დაწესებულებები და სხვ.

IV.შენობები, რომელთა მთლიანობას (დაუზიანებლობას) მიწისძვრის დროს სამოქალაქო თავდაცვაში საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგ.საავადმყოფოები, სახანძრო სადგურები, ელექტროსადგურები.


შენობების მნიშვნელოვნების კლასები დახასიათებულია სხვადასხვა γI კოეფიციენტებით. γI-ის რეკომენდებული მნიშვნელობები I,IIIდა IV მნიშვნელოვნების კლასებისათვის ტოლია 0.8, 1.2 და 1.4 შესაბამისად. მნიშვნელოვნების II კლასისათვის γI ტოლია 1.

ევროკოდი 8-3–ში:

1.ძირითადი მოთხოვნები კონსტრუქციის დაზიანებულ მდგომარეობას ეხება, რომელიც სამი ზღვრული მდგომარეობით განისაზღვრება. სახელდობრ, დანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობა, მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობა და უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობა. აღნიშნული ზღვრული მდგომარეობები შემდეგნაირად განიმარტება:

დანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობა. კონსტრუქცია ძლიერ დაზიანებულია, აქვს მცირე ნარჩენი ჰორიზონტალური სიმტკიცე და სიხისტე, თუმცა ვერტიკალური ელემენტები ინარჩუნებს ვერტიკალური დატვირთვების ზიდვის უნარს. არაკონსტრუქციული ელემენტების უმრავლესობა დანგრეულია. აქვს დიდი ნარჩენი გადახრები. კონსტრუქცია დანგრევის პირასაა და შესაძლოა ვერ გადაიტანოს კიდევ ერთი, თუნდაც საშუალო ინტენსიურობის მიწისძვრა.

მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობა. კონსტრუქცია მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. აქვს რაღაც სიდიდის ნარჩენი ჰორიზონტალური სიმტკიცე და სიხისტე. ვერტიკალური ელემენტები ინარჩუნებს ვერტიკალური დატვირთვის ზიდვის უნარს. არაკონსტრუქციული ელემენტები დაზიანებულია, თუმცა ტიხრები და შევსებები თავიანთი სიბრტყიდან არ არის გამოსული. ადგილი აქვს საშუალო სიდიდის ნარჩენ გადახრებს, კონსტრუქციას შეუძლია აიტანოს საშუალო ინტესიურობის ავტერშოკები. კონსტრუქციის აღდგენა შესაძლოა არაეკონომიური იყოს.

უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობა. კონსტრუქცია მხოლოდ მსუბუქადაა დაზიანებული, მზიდი ელემენტები დაცულია მნიშვნელოვანი არამდგრადობისგან და ინარჩუნებს სიმტკიცისა და სიხისტის მახასიათებლებს. არამზიდ ელემენტებში, როგორიცაა ტიხრები და შევსებები, შეიძლება არსებობდეს განაწილებული ბზარები, მაგრამ დაზიანება ეკონომიკურად აღდგენადია. ნარჩენი გადახრები უმნიშვნელოა. კონსტრუქცია არ საჭიროებს რაიმე სახის აღდგენით ღონისძიებას.

2.სეისმური ზემოქმედებების განმეორებადობის პერიოდი, რომლის დროსაც არ უნდა მოხდეს ზღვრული მდგომარეობების გადაჭარბება.

3.მასალების წილობრივი კოეფიციენტები: ფოლადისათვის -1.3; ბეტონისათვის - 1.7; ქვისთვის - 1.7. (მაქსიმალურ ზღვრულ მდგომარეობაზე შემოწმებისთვის მასალის თვისებების ამსახველი γc და γs წილობრივი კოეფიციენტები უნდა ითვალისწინებდეს მასალის ციკლური დეფორმაციით გამოწვეულ სიმტკიცის შესაძლო კარგვას).

4.სანდოობის კოეფიციენტი გაანგარიშების მეთოდისა და სანდოობის კოეფიციენტის მნიშვნელობის შერჩევის მიზნით განსაზღვრულია ცოდნის სამი დონით: შეზღუდული ცოდნა: სანდოობის კოეფიციენტი – 1.35; ნორმალური ცოდნა: სანდოობის კოეფიციენტი – 1.20; სრული ცოდნა: სანდოობის კოეფიციენტი – 1.00.

სათანადო ცოდნის დონის განმსაზღვრელი ფაქტორებია:

ა) გეომეტრია: კონსტრუქციული სისტემის და იმ არაკონსტრუქციული ელემენტების (მაგ.პანელები ქვის შევსებით) გეომეტრიული მახასიათებლები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კონსტრუქციის რეაქციაზე.

ბ) დეტალები: რკინაბეტონში არამატურის რაოდენობა და განაწილება, ფოლადის ელემენტების შეერთებები, სართულშორისი გადახურვის შეერთება ჰორიზონტალურ მზიდ ელემენტებთან, ქვის წყობის გადაბმა და დუღაბით დაკავშირება, ქვის წყობაში არმატურის ელემენტების ტიპები.

გ) მასალები: გამოყენებული მასალების მექანიკური მახასიათებლები. ცოდნის დონე განსაზღვრავს გაანგარიშების და სანდოობის კოეფიციენტების მნიშვნელობებს.

5.ინსპექტირებისა და ტესტირების დონეები: არსებული კონსტრუქციების სეისმომედეგობის შეფასების დროს საწყისი მონაცემები უნდა შეგროვდეს სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიცაა:

- განსახილველი შენობის შესახებ არსებული სპეციფიკური დოკუმენტაცია;

- შესაბამისი საერთო მონაცემთა წყაროები (მაგ. მშენებლობის დროინდელი ნორმები და სტანდარტები);

- საველე გამოკვლევები და

- უმეტეს შემთხვევაში, ადგილზე და/ან ლაბორატორიული გაზომვები.

6. ρmaxmin ფარდობის მაქსიმალური მნიშვნელობა: 2.5 (ρmax არის გაჭიმული ზონის დაარმატურების მაქსიმალური კოეფიციენტი, ρmin არის შეკუმშული ზონის დაარმატურების მინიმალური კოეფიციენტი).

7.დამატებითი, არაწინააღმდეგობრივი ინფორმაცია არაწრფივი სტატიკური გაანგარიშების მეთოდისათვის, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია რხევის მაღალი ფორმების გავლენის გათვალისწინება: როგორც ევროკოდშია - T<2წმ ან T<4Tc.

შეზღუდული ცოდნა შეესაბამება შემდეგ ცოდნას:

გეომეტრია: კონსტრუქციის მთელი გეომეტრია და ელემენტების ზომები ცნობილია ან (ა) დათვალიერებიდან ან (ბ) საწყისი საპროექტო ესკიზური ნახაზებიდან, რომელიც გამოყენებული იყო, როგორც საწყის კონსტრუირებაში, ასევე რომელიმე შემდგომ ცვლილებებში. (ბ) შემთხვევაში ადგილზე უნდა შემოწმდეს საკმაო ნაწილის როგორც მთლიანი გეომეტრიული, ასევე ელემენტების ზომები; თუ ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ესკიზური კონსტრუქციულ ნახაზებში მოცემულისაგან, მაშინ უნდა ჩატარდეს უფრო სრულყოფილი გამოკვლევა.

დეტალები: კონსტრუქციის დეტალები არ არის ცნობილი დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან, მაგრამ შეიძლება ნავარაუდევი იქნეს მშენებლობის დროინდელ ჩვეულებრივ პრაქტიკაში მიღებული ანალოგების საფუძველზე; ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ყველაზე მეტად კრიტიკული ელემენტების შეზღუდული დათვალიერება, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად შეესაბამება ვარაუდი ფაქტიურ სიტუაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა ადგილზე დაზუსტება.

მასალები: სამშენებლო მასალის მექანიკური მახასიათებლების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია არ არის ცნობილი, არც საწყისი საპროექტო სპეციფიკაციებიდან და არც საწყისი გამოცდის დოკუმენტაციიდან. მნიშვნელობები (თუ უცნობია) უნდა განისაზღვროს მშენებლობის დროინდელი სტანდარტების მიხედვით, თან უნდა შესრულდეს ყველაზე რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების ადგილზე შეზღუდული ტესტირება.

შეგროვილი ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს ელემენტების ლოკალური უნარის დასადგენად და წრფივი კონსტრუქციული გაანგარიშების მოდელის შესარჩევად.

კონსტრუქციის შეფასება შეზღუდული ცოდნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს სტატიკური ან დინამიკური წრფივი გაანგარიშების მეთოდების გამოყენებით.

ნორმალური ცოდნა შეესაბამება შემდეგ ცოდნას:

გეომეტრია: კონსტრუქციის გეომეტრია და ელემენტების ზომები ცნობილია (ა) მთლიანი დათვალიერებიდან ან (ბ) საწყისი ესკიზური საპროექტო ნახაზებიდან, რომელიც გამოყენებული იყო, როგორც საწყის კონსტრუირებაში, ასევე რომელიმე შემდგომ ცვლილებებში. (ბ) შემთხვევაში ადგილზე უნდა შემოწმდეს საკმაო ნაწილის როგორც მთლიანი გეომეტრიული ზომები, ასევე ელემენტების ზომები; თუ ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ესკიზური კონსტრუქციული ნახაზებისგან, მაშინ საჭიროა ადგილზე დაზუსტება.

დეტალები: კონსტრუქციის დეტალები ცნობილია ადგილზე გაფართოებული დათვალიერებით ან არასრული დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან. ბოლო შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების შეზღუდული დათვალიერება იმის შესამოწმებლად, შეესაბამება თუ არა არსებული ინფორმაცია ფაქტიურ სიტუაციას.

მასალები: სამშენებლო მასალის მექანიკური მახასიათებლების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია ცნობილია ადგილზე გაფართოებული გამოცდიდან ან საწყისი საპროექტო სპეციფიკაციებიდან. ამ ბოლო შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ადგილზე შეზღუდული ტესტირება.

შეგროვილი ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს ელემენტების ლოკალური უნარის დასადგენად და წრფივი ან არაწრფივი კონსტრუქციული გაანგარიშების მოდელის შესარჩევად.

კონსტრუქციის შეფასება აღნიშნული ცოდნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს წრფივი ან არაწრფივი გაანგარიშების მეთოდების, სტატიკურის ან დინამიკურის, გამოყენებით.

სრული ცოდნა შეესაბამება შემდეგ ცოდნას:

გეომეტრია: კონსტრუქციის მთელი გეომეტრია და ელემენტების ზომები ცნობილია (ა) ყოველმხრივი დათვალიერებიდან ან (ბ) ესკიზური საპროექტო ნახაზების სრული კომპლექტიდან, რომელიც გამოყენებული იყო, როგორც საწყისი კონსტრუირების, ასევე რომელიმე შემდგომი ცვლილებებისთვის. (ბ) შემთხვევაში ადგილზე უნდა შემოწმდეს მთელი გეომეტრიისა და ელემენტების ნიმუშების საკმაო რაოდენობა; თუ ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ესკიზური კონსტრუქციული ნახაზებისგან, მაშინ საჭიროა ზომების დაზუსტება.

დეტალები: კონსტრუქციის დეტალები ცნობილია ადგილზე ყოველმხრივი დათვალიერებიდან ან დეტალური კონსტრუქციული ნახაზების სრული კომპლექტიდან. ბოლო შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების ადგილზე შეზღუდული დათვალიერება, იმის შესამოწმებლად, რომ არსებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა ფაქტიურ სიტუაციას.

მასალები: სამშენებლო მასალის მექანიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილია ადგილზე ყოველმხრივი გამოცდიდან ან საწყისი გამოცდების დოკუმენტაციიდან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ადგილზე შეზღუდული ტესტირება.

ცოდნის დონის იდენტიფიკაცია

გეომეტრია

ესკიზური კონსტრუქციული ნახაზები ის დოკუმენტებია, რომლითაც აღიწერება კონსტრუქციის გეომეტრია, რაც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ზომების იდენტიფიკაციისა, და ასევე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებების მზიდი სისტემების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

დეტალური კონსტრუქციული ნახაზები ის დოკუმენტებია, რომლითაც აღიწერება კონსტრუქციის გეომეტრია, რაც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ზომების იდენტიფიკაციისა და ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებების მზიდი სისტემების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. დამატებით ის შეიცავს ინფორმაციას დეტალების შესახებ (რკინაბეტონში არამატურის რაოდენობა და განაწილება, ფოლადის ელემენტების შეერთებები, სართულშორისი გადახურვის შეერთება ჰორიზონტალურ მზიდ ელემენტებთან, ქვის წყობის გადაბმა და დუღაბით დაკავშირება, ქვის წყობაში არმატურის ელემენტების ტიპები).

ვიზუალური გამოკვლევა კონსტრუქციის ფაქტიურ გეომეტრიასა და არსებულ ესკიზურ კონსტრუქციულ ნახაზებს შორის შესაბამისობის შესამოწმებელ პროცედურას წარმოადგენს. უნდა დადგინდეს შერჩეული ელემენტის გეომეტრიული ზომები.

სრული გამოკვლევა წარმოადგენს პროცედურას, რომლის შედეგია კონსტრუქციული ნახაზების შექმნა, რომლითაც აღიწერება კონსტრუქციის გეომეტრია, რაც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ზომების იდენტიფიკაციისა და ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებების მზიდი სისტემების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

დეტალები

შემოწმების დროს შეიძლება საიმედო არადესტრუქციული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა:

იმიტაციური პროექტი წარმოადგენს პროცედურას, რომლის შედეგადაც განისაზღვრება შენობის ყველა ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მზიდ ელემენტში გრძივი და განივი არმატურის რაოდენობა და განაწილების სქემა.პროექტი უნდა განხორციელდეს მშენებლობის დროინდელი მარეგულირებელი დოკუმენტებისა და პრაქტიკის საფუძველზე.

შეზღუდული შემოწმება ადგილზე წარმოადგენს პროცედურას კონსტრუქციის ფაქტიური დეტალების არსებულ კონსტრუქციულ ნახაზებთან ან იმიტაციური პროექტების შედეგებთან შესაბამისობის დასადგენადად.

გაფართოებული შემოწმება ადგილზე წარმოადგენს პროცედურას, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც საწყისი დეტალური ნახაზები არ მოიძიება.

ყოველმხრივი შემოწმება ადგილზე წარმოადგენს პროცედურას, რომელიც მაშინ გამოიყენება როდესაც საწყისი დეტალური ნახაზები არ მოიძიება და როდესაც მოითხოვება ცოდნის მაღალი დონე.

მასალები

დესტრუქციული და არადესტრუქციული გამოცდა

გათვალისწინებული უნდა იქნეს არადესტრუქციული მეთოდების გამოყენება (მაგ.შმიდტის ჩაქუჩით გამოცდა და ა.შ.); თუმცა მსგავსი გამოცდები არ გამოიყენება იზოლირებულად, არამედ მხოლოდ დესტრუქციულ გამოცდებთან ერთად.

ადგილზე შეზღუდული გამოცდის პროგრამა წარმოადგენს პროცედურას მასალის მახასიათებლებზე ინფორმაციის შესავსებად, რომელიც მიიღება მშენებლობის დროინდელი სტანდარტებით შესრულებული პროექტის სპეციფიკაციიდან ან საწყისი გამოცდების დოკუმენტაციიდან. თუ გამოცდებით მიღებული მნიშვნელობები უფრო დაბალია ვიდრე მშენებლობის დროინდელი სტანდარტების შესაბამისი მნიშვნელობები, მაშინ საჭიროა დაზუსტებული გამოცდები ადგილზე.

ადგილზე გამოცდის გაფართოებული პროგრამა წარმოადგენს პროცედურას ინფორმაციის მისაღებად, როცა არ არსებობს არც საწყისი პროექტის სპეციფიკაცია და არც ხელმისაწვდომია გამოცდის ანგარიშები.

ადგილზე გამოცდის ყოველმხრივი პროგრამა წარმოადგენს პროცედურას ინფორმაციის მისაღებად, როცა არ არსებობს არც საწყისი პროექტის სპეციფიკაცია და არც ხელმისაწვდომია გამოცდის დოკუმენტაცია და ცოდნის მაღალი დონეა მისაღწევი.

შემოწმებისა და გამოცდის დონეების კლასიფიკაცია დამოკიდებულია დეტალურად შესამოწმებელი მზიდი ელემენტების პროცენტულ რაოდენობაზე, ასევე თითოეულ სართულზე გამოსაცდელი მასალის ნიმუშების რაოდენობაზე. ჩვეულებრივ პირობებში, რეკომენდებული მინიმალური მნიშვნელობები წარმოდგენილია ცხრილში. შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა საჭირო გახდება ზოგიერთი მათგანის მნიშვნელობის გაზრდა.


შემოწმებისა და გამოცდის სხვადასხვა დონისთვის რეკომენდებული მინიმალური მოთხოვნები შემოწმება (დეტალების) გამოცდები (მასალების ყველა ტიპის პირველადი ელემენტისთვის(კოჭი, სვეტი, კედელი)

შემოწმება (დეტალების) გამოცდები (მასალების)
ყველა ტიპის პირველადი ელემენტისთვის (კოჭი, სვეტი, კედელი) ყველა ტიპის პირველადი ელემენტისთვის (კოჭი, სვეტი, კედელი)
შემოწმებისა და გამოცდის დონე შესამოწმებელი ელემენტების პროცენტული რაოდენობა თითოეულ სართულზე მასალის ნიმუშები
შეზღუდული 20 1
გაფართოებული 50 2
ყოველმხრივი 80 3


ევროკოდი 8-3-ის გამოყენების სფეროა:

-ცალკეული შენობის სეისმური ქცევის შეფასებისთვის კრიტერიუმების შემუშავება;

-აუცილებელი აღდგენითი ღონისძიებების შერჩევისათვის მიდგომის აღწერა;

-აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისათვის წინასწარი კრიტერიუმების ფორმულირება (ანუ კონცეფცია, კონსტრუქციის ანალიზი ჩარევითი ღონისძიებების ჩათვლით, კონსტრუქციის ნაწილების საბოლოო ზომების დადგენა და მათი არსებულ მზიდ ელემენტებთან მიერთება)

ევროკოდი 8-3-ის მიხედვით, რეკონსტრუქცია მოიცავს როგორც დაუზიანებელი კონსტრუქციების გაძლიერებას (თუ ეს საჭიროა), ასევე მიწისძვრით დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენას.

სეისმურ ზემოქმედებაზე ადეკვატური წინაღობის უზრუნველსაყოფად კონსტრუქციული ჩარევის დაგეგმვის დროს კონსტრუქცია არასეისმური დატვირთვების კომბინაციებზეც უნდა შემოწმდეს.

კონსტრუქციის შეფასება და შესაძლო კონსტრუქციული ჩარევა უკავშირდება უფრო სხვადასხვა ხარისხის გაურკვევლობებს (ცოდნის დონე), ვიდრე ახალი კონსტრუქციების დაპროექტება. ამიტომ საჭიროა მასალისა და კონსტრუქციის უსაფრთხოების განსხვავებული კოეფიციენტები და განსხვავებული გაანგარიშების მეთოდები, რომლებიც არსებული ინფორმაციის სისრულესა და სანდოობაზეა დამოკიდებული.

სეისმური ზემოქმედების ეფექტები, რომლებიც დაჯამებული უნდა იქნას სხვა მუდმივი და ცვლადი დატვირთვების ეფექტებთან სეისმური დატვირთვების კომბინაციების თანახმად, შეიძლება შეფასდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთერთი მეთოდის გამოყენებით:

-ჰორიზონტალური ძალის მეთოდი (წრფივი),

-მოდალური (მრავალფორმიანი) რეაქციის სპექტრის მეთოდი (წრფივი),

-არაწრფივი სტატიკური (პუშოვერი) მეთოდი,

-არაწრფივი დინამიკური მეთოდი დროის ფაქტორის გათვალისწინებით,

-q-კოეფიციენტის მეთოდი ახალი შენობებისათვის.


ცოდნის დონეები და შესაბამისი გაანგარიშების მეთოდები

ცოდნის დონე გეომეტრია დეტალები მასალები მეთოდები სანდოობის კოეფიციენტი
შეზღუდული ცოდნა საწყისი კონსტრუქციული ესკიზური ნახაზებიდან ნიმუშის ვიზუალურ გამოკვლევასთან ერთად ან სრული გამოკვლევით იმიტაციური (ანალოგიების) პროექტის გამოყენებით და შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით და ადგილზე შეზღუდული შემოწმებით მნიშვნელობები განისაზღვრება მშენებლობის დროინდელი სტანდარტების მიხედვით და ადგილზე შეზღუდული ტესტირებით ჰორიზონტალური ძალის მეთოდი; მოდალური რეაქციის სპექტრის მეთოდი 1.35
ნორმალური ცოდნა საწყისი კონსტრუქციული ესკიზური ნახაზებიდან ნიმუშის ვიზუალურ გამოკვლევასთან ერთად ან სრული გამოკვლევით საწყისი არასრული დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან და ადგილზე შეზღუდულ შემოწმებასთან ერთად ან ადგილზე გაფართოებული შემოწმებით საწყისი დაპროექტების სპეციფიკაციებიდან და ადგილზე შეზღუდული ტესტირებით ან ადგილზე გაფართოებული ტესტირებით ყველა მეთოდი 1.20
სრული ცოდნა საწყისი კონსტრუქციული ესკიზური ნახაზებიდან ნიმუშის ვიზუალურ გამოკვლევასთან ერთად ან სრული გამოკვლევით საწყისი დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან ადგილზე და შეზღუდული შემოწმებით ან ადგილზე ყოველმხრივი შემოწმებით საწყისი გამოცდების დოკუმენტაციიდან და ადგილზე შეზღუდული ტესტირებით ან ადგილზე ყოველმხრივი ტესტირებით ყველა მეთოდი 1.00

სეისმური ზემოქმედება და სეისმური დატვირთვების კომბინაცია

სეისმური მოძრაობა ზედაპირის მოცემულ წერტილში წარმოდგენილია გრუნტის აჩქარების დრეკადი რეაქციის სპექტრის სახით, ე.წ. "დრეკადი რეაქციის სპექტრით".

ჰორიზონტალური სეისმური ზემოქმედება აღიწერება ორი ორთოგონალური მდგენელით, რომლებიც იგულისხმება, რომ არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ წარმოდგენილია ერთიდაიმავე რეაქციის სპექტრით.

სეისმური ზემოქმედების სამი მდგენელის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს რეაქციის სპექტრის ერთი ან მეტი ალტერნატიული მოხაზულობა, სეისმური კერებისა და მათგან გენერირებული მიწისძვრის მაგნიტუდის გათვალისწინებით.

სეისმური ზემოქმედების ჰორიზონტალური მდგენელისათვის დრეკადი რეაქციის სპექტრი "საანგარიშო" სეისმური ზემოქმედებისათვის დაკავშირებულია გრუნტის აჩქარებასთან კლდეზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება ქვეყნის სეისმოდარაიონების რუკას. თვით სპექტრი შეიცავს მუდმივი სპექტრული აჩქარების, ფსევდოსიჩქარის ან გადაადგილების უბანს. თითოეული ამ უბნის და სპექტრული ამპლიტუდის გაზრდა დამოკიდებულია რეგიონულ სეისმოტექტონიკურ გარემოზე და გრუნტის ტიპზე.

გრუნტის სტანდარტული ტიპებია:

ტიპი A: კლდე ან კლდის მსგავსი გეოლოგიური ფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს არაუმეტეს 5.0მ-სა სუსტ ზედაპირულ ქანს, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე Vs >800მ/წმ.

ტიპი B: ქვიშის და ხრეშის მკვრივი დანალექები ან ძალიან მკვრივი თიხა სულ მცირე რამდენიმე ათეული მეტრი, რომელიც ხასიათდება სიღრმეში თანდათანობით მზარდი მექანიკური მახასიათებლებით, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე, Vs – 360-800მ/წმ-მდე.

ტიპი C: მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის ქვიშის, ხრეშის სიღრმისეული დანალექი ან მკვრივი თიხა, რომელთა სისქე რამდენიმე ათეული მეტრიდან ასეულ მეტრამდე აღწევს, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე, Vs –180-360მ/წმ-მდე.

ტიპი D: ფხვიერიდან საშუალომდე შეჭიდულობის მქონე დანალექი გრუნტები (რომელიც შეიძლება შეიცავდეს სუსტი შეჭიდულობის შრეებს) ან შრეები, რომლებშიც რბილიდან-საშუალომდე შეჭიდულობის მქონე გრუნტები დომინირებს, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე, Vs -800მ/წმ

რეკომენდებულია ორი ტიპის სპექტრის გამოყენება (ევროკოდი 8-1): I ტიპი და II ტიპი; თუ მიწისძვრა, რომელსაც სამშენებლო მოედნის სეისმური საფრთხის ალბათურ შეფასებაში უმეტესი წვლილი შეაქვს და ხასიათდება იმით, რომ მისი შესაბამისი მაგნიტუდა, განსაზღვრული ზედაპირული ტალღის გარცელების მიხედვით, არ აღემატება Ms≤5.5, რეკომენდებულია II ტიპის გამოყენება.

ევროკოდი-8-1-ში მოცემულია ვერტიკალური დრეკადი რეაქციის სპექტრი, გრუნტის პიკური გადაადგილება და გადაადგილების რეაქციის სპექტრი, რომელიც შეიცავს გრძელპერიოდიან ნაწილს.

ევროკოდი-8-1 არ იძლევა მითითებებს სეისმურ კერასთან ახლოს ეფექტებზე. მათი გათვალისწინება რეკომენდებულია გამაძლიერებელი კოეფიციენტით 1.2 ცალკე მდგომი კლდისთვის ან გრძელი ქედისთვის 30º-ზე ნაკლები დაფერდებით და 1.4–ციცაბო ქედისათვის. ამ კოეფიციენტების გათვალისწინება აუცილებელია.

საანგარიშო სეისმური ზემოქმედება კომბინირებული უნდა იქნეს სხვა მუდმივ და ცვლად ზემოქმედებებთან.

ჰორიზონტალური ძალის მეთოდი (წრფივი)

შენობის ჰორიზონტალური მიმართულებებით გაანგარიშების დროს რხევის ძირითადი ფორმის განსაზღვრა შეიძლება ნაგებობათა დინამიკის მეთოდების გამოყენებით ან მისი წარმოდგენა სიმაღლეში წრფივად მზარდი ჰორიზონტალური გადაადგილებების სახით. სეისმური ზემოქმედების ეფექტები უნდა განისაზღვროს, ორი ბრტყელი მოდელისთვის, ყოველ სართულზე Fi ჰორიზონტალური ძალის მოდებით.

ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევში, თუ რხევის მაღალი ფორმების ეფექტი უმნიშვნელოა, ე.ი რხევის ორივე ჰორიზონტალური მიმართულებით ძირითადი პერიოდი ნაკლებია 2წმ-ზე და 4-ჯერ სპექტრის აჩქარების და სიჩქარის მუდმივი უბნის Tc პერიოდზე. აგრეთვე შენობა რეგულარულია სიმაღლეში.

არაწრფივი გაანგარიშება დროის ფაქტორის გათვალისწინებით

კონსტრუქციის დროში მიმდინარე რეაქცია შეიძლება განისაზღვროს მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების პირდაპირი რიცხვითი ინტეგრების მეთოდის საშუალებით, გრუნტის რხევის აქსელეროგრამების გამოყენებით. სივრცული მოდელის გამოყენების შემთხვევაში სეისმური მოძრაობა შეიძლება სამი, ერთდროულად მოქმედი აქსელეროგრამისაგან შედგებოდეს. არ შეიძლება ერთიდაიგივე აქსელეროგრამის გამოყენება ერთდროულად ორივე ჰორიზონტალური მიმართულებით. გამოყენების ხასიათისა და რეალურად არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სეისმური მოძრაობა შეიძლება ხელოვნური აქსელეროგრამების და ჩაწერილი ან მოდელირებული აქსელეროგრამების გამოყენებით აღიწეროს.

q-კოეფიციენტის მეთოდი.

კონსტრუქციის უნარი, წინაღობა გაუწიოს სეისმურ ზემოქმედებას არაწრფივ არეში, ჩვეულებრივად დასაშვებს ხდის, რომ მათი გაანგარიშება მოხდეს წრფივი დრეკადი რეაქციის შესაბამის დატვირთვებთან შედარებით ნაკლები სიდიდის ძალებზე.

იმისათვის, რომ დაპროექტებისას აცილებული იქნას კონსტრუქციის სრული არაწრფივი გაანგარიშება, შესაძლებელია ჩატარდეს კონსტრუქციის წრფივი გაანგარიშება, მხოლოდ არა დრეკადი რეაქციის სპექტრზე დაყრდნობით, არამედ მისი მოდიფიკაციით მიღებული რეაქციის სპექტრზე. ამ გზით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს კონსტრუქციის ენერგიის დისიპაციის უნარი, რომელსაც იგი ახორციელებს ან ელემენტების დამყოლობით ან სხვა მექანიზმით. ასეთ მოდიფიცირებულ (შემცირებულ) რეაქციის სპექტრს ეწოდება "საანგარიშო სპექტრი". მოდიფიკაცია ხორციელდება q ქცევის კოეფიციენტის შემოტანით. q ქცევის კოეფიციენტის საშუალებით მიახლოებით შეფასება ხდება იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია პირობითი დრეკადი ანალიზის მოდელის გამოყენებით კონსტრუქციაზე მოქმედი სეისმური ძალების სავარაუდო შემცირება იმ მდგომარეობაში,როცა კონსტრუქცია ჯერ კიდევ ინარჩუნებს დამაკმაყოფილებლად რეაქციის უნარს. q ქცევის კოეფიციენტის მნიშვნელობები, რომლებიც მოიცავს 5%-გან განსხვავებულ ბლანტი ჩაქრობის შემთხვევებსაც, მოცემულია ევროკოდი-8-ის შესაბამის ნაწილებში, სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციული სისტემებისათვის, დამყოლობის დონეების შესაბამისად. q ქცევის კოეფიციენტის სიდიდე შეიძლება განსხვავებული იყოს კონსტრუქციის ჰორიზონტალური მიმართულებებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დამყოლობის კლასი ყველა მიმართულებით ერთი და იგივეა.

სეისმური ზემოქმედების ვერტიკალური მდგენელისათვის q ქცევის კოეფიციენტის მნიშვნელობა შეიძლება აღებული იქნეს 1,5-მდე ყველა მასალისა და კონსტრუქციისთვის.

საანგარიშო სპექტრი არ გამოიყენება ფუძის იზოლაციის ან ენერგიის დისიპაციის სპეციალური სისტემების მქონე კონსტრუქციების გასაანგარიშებლად.

მოდალური (მრავალფორმიანი) რეაქციის სპექტრის მეთოდი (წრფივი)

ასეთი გაანგარიშება შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველა ტიპის ნაგებობებისთვის. გლობალურ რეაქციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს რხევის ყველა იმ ფორმის შესაბამისი რეაქცია, რომლის წილიც მნიშვნელოვანია.

მოცემული მოთხოვნა შეიძლება მიჩნეული იქნეს დაკმაყოფილებულად თუ შესრულებულია ერთერთი ქვემოთ მოყვანილი პირობა;

-გათვალისწინებული ფორმების ჯამური ეფექტური მასა ტოლია კონსტრუქციის ჯამური მასის არა ნაკლებ 90%-ისა.

-გათვალისწინებული იქნება ყველა ფორმა, რომლის ეფექტური მასა აღემატება ჯამური მასის 5%-ს.

სივრცული მოდელის გამოყენების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული პირობები უნდა შემოწმდეს თითოეული შესაბამისი მიმართულებისათვის.

არაწრფივი სტატიკური (პუშოვერი) მეთოდი

არაწრფივი სტატიკური მეთოდი წარმოადგენს ორი მეთოდის - არაწრფივი სტატიკური მეთოდისა და რეაქციის სპექტრის მეთოდის კომბინაციას. კონსტრუქციის უნარი განისაზღვრება არაწრფივი სტატიკური მეთოდის, პუშოვერის, გამოყენებით აგებულ გლობალურ ძალა-გადაადგილებას შორის დამოკიდებულების მრუდის, ე.წ. უნარის მრუდის მიხედვით, ხოლო სეისმური მოთხოვნა განისაზღვრება რეაქციის სპექტრის საფუძველზე.

პუშოვერით უნარის მრუდის აგების მეთოდიკა გულისხმობს შენობაზე მოდებული მონოტონურად ზრდადი, გარკვეული სქემით განაწილებული ჰორიზონტალური ძალების ზემოქმედებას, რომელიც გრუნტის რხევის დროს ნაგებობაში განვითარებულ ინერციულ ძალებს ასახავს. უნარის მრუდი ანუ კონსტრუქციის რეაქცია დამოკიდებულია ჰორიზონტალური ძალების განაწილების სქემაზე, ამიტომ შესაბამისი სქემის შერჩევა ამ მეთოდის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

რეალური მიწისძვრის დროს კონსტრუქციაზე მოქმედი ეფექტური დატვირთვები უწყვეტად იცვლის სიდიდეს, მიმართულებასა და განაწილებას. პუშოვერის მეთოდში კი დატვირთვების განაწილება და მიმართულება ფიქსირებულია და იცვლება მხოლოდ სიდიდე. ეს არის ამ მეთოდის ძირითადი და ყველაზე კრიტიკული დაშვება.

როგორც ყველა მიახლოებითი მეთოდი – პუშოვერიც გარკვეულ დაშვებებსა და გამარტივებებს ეფუძნება. ამიტომ მოსალოდნელია სეისმური მოთხოვნის პროგნოზირებაში განსხვავებული შედეგების არსებობა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც გავლენას ახდენს პუშოვერის შედეგების სიზუსტეზე. ესენია: არაწრფივი ელემენტების ქცევის მოდელირების საკითხი, სხვადასხვა ჰორიზონტალური დატვირთვის სქემისთვის განსხვავებული შედეგების არსებობა, ჰორიზონტალური განაწილების უცვლელი სქემის ეფექტურობა რხევის მაღალი ფორმების გავლენის გასათვალისწინებლად და მაქსიმალური არაწრფივი გადაადგილების მნიშვნელობის სიზუსტე, რომელიც შემდეგ გამოყენებული უნდა იქნეს არაწრფივ სტატიკურ მეთოდში სეისმური მოთხოვნის დასადგენად. არსებობს პუშოვერ-ის მეთოდის სხვადასხვა გაუმჯობესებული-ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა ისინი კონცეპტუალურად რთულია და კომპიუტერულად უფრო დამოკიდებული და მათი გამოყენება საინჟინრო პრაქტიკასა და ნორმებში არასასურველია.

გადაწყვეტილება ჩარევაზე ნაგებობის გაძლიერების თვალსაზრისით

გადაწყვეტილება ჩარევაზე მიღებული უნდა იქნეს კონსტრუქციის შეფასებიდან გამომდინარე დასკვნებისა და/ან დაზიანების ხასიათისა და ხარისხის საფუძველზე.

ჩარევის ტიპი, ტექნიკა, მოცულობა და გადაუდებლობა უნდა ეფუძნებოდეს შენობის შეფასების დროს შეგროვილ ინფორმაციას კონსტრუქციის მდგომარეობის შესახებ და გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ასპექტები:

ა)ყველა შემჩნეული დიდი ლოკალური შეცდომა სათანადოდ უნდა იქნეს აღმოფხვრილი.

ბ)საკმაოდ არარეგულარული შენობების შემთხვევაში (რაც სიხისტისა და სიმტკიცის განაწილებაში გამოიხატება), კონსტრუქციული რეგულარობის გამოსწორება უნდა მოხდეს, შესაძლებლობის ფარგლებში, როგორც სიმაღლეში, ასევე გეგმაში;

გ)რეგულარობისა და სიმტკიცის საჭირო მახასიათებლები შესაძლებელია მიღწეული იქნეს სათანადო რაოდენობის არსებული ელემენტების სიმტკიცისა და/ან სიხისტის მოდიფიკაციით ან ახალი კონსტრუქციული ელემენტების დამატებით;

დ)ლოკალური დამყოლობა უნდა გაიზრდოს იქ, სადაც ეს მოითხოვება;

ე)ჩარევის შემდეგ სიმტკიცის გაზრდამ არ უნდა გამოიწვიოს არსებული გლობალური დამყოლობის შემცირება;

ვ)სპეციალურად ქვის კონსტრუქციებისათვის: უნდა გამოიცვალოს არადამყოლი ზღუდარები, უნდა გაუმჯობესდეს არაადეკვატური კავშირები იატაკსა და კედლებს შორის.

ჩარევა უნდა შეირჩეს შემდეგი ტიპებიდან:

ა)დაზიანებული და დაუზიანებელი ელემენტების ლოკალური ან სრული მოდიფიცირება (აღდგენა, გაძლიერება ან მთლიანი გამოცვლა) ამ ელემენტების სიხისტის, სიმტკიცის და/ან დამყოლობის გათვალისწინებით;

ბ)ახალი კონსტრუქციული ელემენტების დამატება (მაგ. ირიბნების ან შემვსები კედლების, ფოლადის, ხის ან რკინაბეტონის სალტეების ქვის კონსტრუქციებში და სხვა);

გ)კონსტრუქციული სისტემის მოდიფიკაცია (ზოგიერთი კონსტრუქციული კვანძის ამოღება; კავშირების გაფართოება; დაზიანებადი ელემენტების ამოღება; უფრო რეგულარულ და/ან უფრო დამყოლ სისტემად მოდიფიცირება)

დ)ახალი კონსტრუქციული სისტემის დამატება, რომელიც თავისთავზე აიღებს მთლიან სეისმურ ზემოქმედებას ან მის ნაწილს;

ე)არსებული არამზიდი ელემენტების შესაძლო გარდაქმნა მზიდ ელემენტებად;

ვ)პასიური დაცვის მოწყობილობების შემოტანა დისიპაციური კავშირების ან ფუძის იზოლაციის სახით;

კ)მასების შემცირება;

ლ)შენობის დანიშნულების შეზღუდვა ან შეცვლა;

მ)ნაწილობრივი დემონტაჟი;

კომბინაციაში შეიძლება ერთი ან მეტი ტიპის შერჩევა. ყველა შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონსტრუქციული ცვლილებების გავლენა საძირკველზე.

გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული არაკონსტრუქციული ელემენტების აღდგენა/გაძლიერებასა და მათ ფუნქციურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუ მათი სეისმური ქცევა საფრთხეს უქმნის იქ მყოფთა სიცოცხლეს ან გავლენას ახდენს შენობაში დაცული საქონლის ღირებულებაზე.

ამ შემთხვევაში ასეთი ელემენტების ნაწილობრივი ან სრული დანგრევა შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული შემდეგი საშუალებებით:

ა)მზიდ ელემენტებთან სათანადო კავშირებით

ბ)არამზიდი ელემენტების წინაღობის გაზრდით

გ)ჩამაგრებასთან დაკავშირებული ღონისძიებებით, რათა არ მოხდეს ამ ელემენტის ნაწილების შესაძლო მწყობრიდან გამოსვლა;

გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ღონისძიებებათა შედეგების შესაძლო გავლენა კონსტრუქციული ელემენტების ქცევაზე.

დოკუმენტები, რომლებიც განეკუთვნება აღდგენით დაპროექტებას, უნდა შეიცავდეს შერჩეული ჩარევის ტიპის დასაბუთებას და მის მოსალოდნელ გავლენას კონსტრუქციის რეაქციაზე და დასაბუთება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მესაკუთრისათვის.

რეკონსტრუქციის დაპროექტების პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა)კონცეპტუალური დაპროექტება, რომელიც გულისხმობს ტექნიკისა და/ან მასალების, ასევე ჩარევის ტიპის და ფორმის შერჩევას.

ბ)გაანგარიშება, რომელიც გულისხმობს დამატებითი კონსტრუქციული ნაწილების ზომების წინასწარ დადგენას;

გ)შემოწმება, რომელიც გულისხმობს აღსადგენი ელემენტების მოდიფიცირებული სიხისტის წინასწარ დადგენას.

არსებული, მოდიფიცირებული და ახალი მზიდი ელემენტების უსაფრთხოებაზე შემოწმებისას არსებული მასალებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ადგილზე გამოცდებიდან ან ინფორმაციის დამატებითი წყაროებიდან მიღებული საშუალო მნიშვნელობები, სანდოობის კოეფიციენტით. ხოლო ახალი ან დამატებული მასალისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ნომინალური მახასიათებლები სანდოობის კოეფიციენტის გარეშე.

ევროკოდი 8-3-ზე დაყრდნობით ლოკალური ან მთლიანი მოდიფიკაცია დაზიანებული ან დაუზიანებელი ელემენტისა (აღდგენა ან გაძლიერება) შეიძლება განხორციელდეს მისი სიხისტის, სიმტკიცის და/ან მოქნილობის შეცვლით. ამავე დროს შესაძლებელია აგრეთვე მთლიანად გამოიცვალოს არაადეკვატური ან მძიმედ დაზიანებული ელემენტები. კონსტრუქციული რეაბილიტაცია შეიძლება შეიცავდეს არსებული კონსტრუქციული ნაწილების მოდიფიცირებას ისე,რომ გაუმჯობესდეს მათი ინდივიდუალური სიმტკიცე და/ან მოქნილობა და შედეგად მოხდება კონსტრუქციების შესაბამისი მახასიათებლების ცვლა (მაგ.სვეტების გარსაცმი),იმ დროს,როდესაც დანარჩენი კონსტრუქციული სქემა არ იცვლება.

ევროკოდი 8-3 იძლევა სისტემის ისეთ მოდიფიკაციას, როგორიცაა კონსტრუქციული კვანძებისა და დაზიანებისადმი მიდრეკილი ელემენტების გამორიცხვა და უფრო მეტიც - რეგულარული და/ან უფრო მეტად მოქნილი ელემენტების მოდიფიკაცია, მაგრამ ასეთი შეცვლა შეიძლება არ გამოდგეს ისტორიული შენობების შემთხვევაში და ამ დროს დიდი სიფრთხილე მართებთ დამპროექტებლებს, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს საძირკველთან დაკავშირებულ პოტენციურ პრობლემებზე.

ევროკოდი 8-3-ის მიხედვით ფუძის იზოლაცია განიხილება როგორც სეისმური რეაბილიტაციის საშუალება.

ენერგიის დისიპაცია ევროკოდი 8-3-ის მიხედვით შეიძლება განხორციელდეს ლოკალური ხახუნის გაზრდით ან გლობალური ჩაქრობის მოწყობილობით.

გამოყენებული ლიტერატურა

1.Eurocode-8 : Design of structures for earthquake resistance.Part 1: General rules, seismic actions and rules for buildings. EN 1998-1 : 2004.November,2004.229p.

2.Eurocode-8: Design of structures for earthquake resistance.Part 3: Assessment and retrofitting of buildings. EN 1998-3 : 2005. March,2005. 89p.