ბოლოთქმა
ისევე, როგორც ამქვეყნად ყოველმა ადამიანმა, — და მოცემულ შემთხვევაში ამგვარი განზოგადება გადაჭარბებულად არ მეჩვენება, — მეც მაშინვე ვერ გავაცნობიერე სექსში ჩაქსოვილი წმინდა არსი. ჩემი ახალგაზრდობა დაემთხვა დაუოკებელი, ზღვარსგადასული თავისუფლების ეპოქას, როდესაც კეთდებოდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები და ბევრი რამ იყო მოჭარბებული, მეტისმეტი. შემდეგ დადგა დათრგუნვის, კონსერვაციის პერიოდი — უცილობელი სამაგიერო მთელი ამ გადაჭარბებულობისათვის, რომელმაც მართლაც დატოვა საკმაოდ მახინჯი ნაიარევი. ამ ზემოხსენებული გადაჭარბებულობის ეპოქაში (მხედველობაში მაქვს 70-იანი წლები) მწერალმა ირვინგ უოლესმა დაწერა რომანი ცენზურის შესახებ შეერთებულ შტატებში, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ იურიდიულ ხრიკებსა და ეშმაკობებს იყენებდა ხელისუფლება, როდესაც ცდილობდა, აეკრძალა ერთი წიგნის დაბეჭდვა, რომელიც ეძღვნებოდა სექსის პრობლემებს. ამ წიგნის სათაური იყო „შვიდი წუთი“. უოლესის რომანში თვითონ წიგნი გაკვრით არის ნახსენები, იგი მხოლოდ საბაბია ცენზურაზე სასაუბროდ და სექსისა და სექსუალობის თემას ოდნავ თუ ეხება. მე ვცადე, წარმომედგინა, რაზე იქნებოდა საუბარი ამ წიგნში და საკუთარ თავს ვკითხე: შევძლებდი კი ასეთი წიგნის დაწერას? უოლესი ხშირად იმოწმებს ამ არარსებულ წიგნს და ამ გარემოებამ არა თუ გააძნელა, შეუძლებელიც კი გახადა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ჩემს წარმოდგენაში დავისახე. დარჩა მხოლოდ მოგონება სათაურის შესახებ (უოლესს, ჩემი აზრით, რამდენადმე ძველმოდური წარმოდგენა ჰქონდა დროის შესახებ, ამიტომაც გადავწყვიტე, ეს დრო გამეზარდა) და აზრი სექსუალობის ფენომენის სერიოზული გამოკვლევის აუცილებლობაზე — რაც, სხვათა შორის, უკვე ბევრ მწერალს გაუკეთებია. 1997 წელს იტალიის ქალაქ მანტუაში, სადაც ტარდებოდა რაღაც კონფერენცია, პორტიემ გადმომცა ხელნაწერი. მე, როგორც წესი, ხელნაწერებს არ ვკითხულობ, ეს კი რატომღაც წავიკითხე. ეს აღმოჩნდა ნამდვილი ამბავი ბრაზილიელი მეძავისა, რომელიც აღწერდა თავის ქორწინებებს, თავის უთანხმოებებს კანონთან, თავის ჭირვარამსა და თავგადასავლებს. 2000 წელს, ციურიხში ყოფნისას, მე დავურეკე ამ მეძავს, რომელიც სონიას სახელით მუშაობდა, ვუთხარი, რომ მომეწონა მისი მონათხრობი და ვურჩიე, გაეგზავნა იგი ჩემი ბრაზილიელი გამომცემლისთვის. თუმცა მან არჩია, არ დაებეჭდა იგი. სონია, რომელიც იმხანად იტალიაში ცხოვრობდა, ჩაჯდა მატარებელში და ჩამოვიდა ჩემთან ციურიხში. მან წაგვიყვანა მე, ჩემი ამხანაგი და ჟურნალ „ათინათის“ ერთი თანამშრომელი, რომელიც იმ საღამოს ჩემგან ინტერვიუს იღებდა, ლანგშტრასეზე, იქაური მეძავების თავშეყრის ადგილზე. მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სონიას უკვე გაეფრთხილებინა თავისი დაქალები, რომ ჩვენ მივიდოდით მათთან და, ჩემდა გასაკვირად, საქმე ავტოგრაფების დარიგებით დამთავრდა — მე ხელს ვაწერდი სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ჩემს წიგნებს. ამ დროისათვის უკვე მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, დამეწერა სექსზე, მაგრამ ჯერ არ მქონდა არც თხრობის ქარგა, არც მთავარი გმირი მყავდა, მაგრამ ლანგშტრასეზე ამ ლაშქრობის შემდეგ მივხვდი: იმისათვის, რომ დაწერო სექსის წმინდა მხარეზე, ჯერ აუცილებელია გაიგო, რატომ იყო იგი ეგზომ წაბილწული და უხამსი. შვეიცარიული ჟურნალის „ლ’ილუსტრე“-ის თანამშრომელთან საუბარში მე ვუამბე ლანგშტრასეზე მომხდარ ამ იმპროვიზირებულ „შეხვედრაზე მკითხველებთან“. მან კი ამის შესახებ ვრცელი ნარკვევი დაბეჭდა. და აი, შედეგად იქ, სადაც მე ავტოგრაფებს ვარიგებდი — ეს უკვე ჟენევაში ხდებოდა — მოვიდა რამდენიმე მეძავი ჩემი წიგნებით. ერთმა მათგანმა ჩემში ცხოველი ინტერესი გამოიწვია: მე, ის და ჩემი ლიტერატურული აგენტი და მეგობარი მონიკა ანტუნესი ერთად წავედით თითო ფინჯანი ყავის დასალევად. „ფინჯანი ყავა“ გადაიზარდა ვახშმობაში, რომელსაც ახალი შეხვედრები მოჰყვა. ასე გაჩნდა მთავარი ხაზი — ან, თუ გნებავთ, გზამკვლევი ძაფი — „თერთმეტი წუთისა“. გულწრფელ მადლობას ვუხდი ანა ფონ პლანტას, ჩემს შვეიცარიელ გამომცემელს, რომელმაც მომაწოდა მნიშვნელოვანი ცნობები პროსტიტუციის იურიდიული მხარის შესახებ მის ქვეყანაში. მადლიერი ვარ ციურიხში მცხოვრები ქალბატონებისა — სონიასი, რომელსაც პირველად მანტუაში შევხვდი (ვინ იცის, იქნებ ვინმემ გამოაქვეყნოს მისი მონათხრობი), მარტასი, ანტენორესი, იზაბელასი (ყველა სახელი გამოგონილია), აგრეთვე მათი ჟენეველი კოლეგებისა — ამისი, ლუჩიასი, ანდრეასი, ვანესასი, პატრიკის, ტერეზასი, ანა-კრისტინასი. მადლობას ვუძღვნი აგრეთვე ანტონელა ზარას, რომელმაც ნება დამრთო, გამომეყენებინა ფრაგმენტები მისი წიგნიდან „ვნების მეცნიერება“ მარიას დღიურის ჩანაწერებში. და ბოლოს, მადლობა თვითონ მარიას (სახელი, რა თქმა უნდა, ასევე გამოგონილია, ასე ვთქვათ ფსევდონიმია), რომელიც ამჟამად ლოზანაში ცხოვრობს ქმართან და ორ მომხიბლავ ქალიშვილთან ერთად და რომელმაც ჩვენი არაერთი შეხვედრის დროს გაგვანდო მე და მონიკას ისტორია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ წიგნს.
მთავარი გვერდი